აზერბაიჯანი: ვალუტის კურსის ვარდნამ ბიძგი მისცა ფართო ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნას

ცენტრალური ბანკის მიერ მანათის მნიშვნელოვანად გაუფასურების გამო ადგილობრივი ვალუტის მიმართ ხალხს ნდობა ეკარგება.

აზერბაიჯანი: ვალუტის კურსის ვარდნამ ბიძგი მისცა ფართო ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნას

ცენტრალური ბანკის მიერ მანათის მნიშვნელოვანად გაუფასურების გამო ადგილობრივი ვალუტის მიმართ ხალხს ნდობა ეკარგება.

აზერბაიჯანული მანათის მოულოდნელმა დევალვაციამ მრავალმხრივი ეკონომიკური პრობლემები წარმოშვა. კრიზისი შეეხო ყველას, დაწყებული იმპორტიორებით, რომლებსაც ინფლაციის გამო იმპორტირებული საქონელი გაუძვირდათ, დამთავრებული რიგითი მოქალაქეებით, რომლებიც ბანკებიდან აღებული სესხების გადახდას ვეღარ ახერხებენ.

21 თებერვალს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მანათის ახალი კურსი დაადგინა. დოლარის კურსი 0.78 მანათიდან 1.05 მანათამდე გაიზარდა. შესაბამისად, აზერბაიჯანული ვალუტა დოლართან მიმართებში 35%-ით გაუფასურდა. შედარებით სტაბილური ვითარებაა ევრო-მანათის კურსთან მიმართებში.

აზერბაიჯანში მოსახლეობა მანათის გაყიდვას ჩქარობს, მომატებულია ფასები მაღაზიებშიც. ბანკებმა საპასუხოდ დროებით შეაჩერეს დოლარის გაყიდვა.

ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ელმარ რუსტამოვმა მოსახლეობას სახელმწიფო ტელევიზიით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა, მისივე დაპირებით, სხვა ქვეყნების მსგავსად, აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება არ მოხდებოდა.

მისი განცხადებით, მანათი, რომლის უკან „აზერბაიჯანის ძლიერი სახელმწიფო დგას“, დარჩება ჯანსაღი და „მკვეთრი დევალვაცია არ არის მოსალოდნელი“.

ცენტრალური ბანკის განცხადების მიხედვით, ცვლილების განხორცილება საჭირო გახდა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, გაიაფებულიყო ექსპორტი და შესაბამისად, შენარჩუნებულიყო აზერბაიჯანის საგადამხდელო ბალანსი.

„რეგიონში მიმდინარე პროცესები გარდაუვალ გავლენას ახდენს ჩვენზეც“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში. „[ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში] ბოლო თვეების და გასული წლის განმავლობაში არსებულმა დაძაბულობამ აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც მოახდინა გავლენა“.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დევალვაცია ახსნა, როგორც აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იყო აზერბაიჯანის დასაცავად ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარე უარყოფითი პროცესებისაგან.

ალიევმაც და ცენტრალურმა ბანკმაც თავიანთ განცხადებებში ბევრჯერ ახსენეს სხვა ქვეყნების ეკონომიკების „გადამდები ეფექტები“, თუმცა ერთხელაც არ უხსენებიათ ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა, რასაც უკვე მოჰყვა უარყოფითი პროცესები რუსეთის ეკონომიკაში და სავარაუდოდ, იგივე ელის აზებაიჯანსაც – ნედლი ნავთობის მთავარ ექსპორტიორს.

პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის წევრი ვაჰიდ აჰმადოვი აზერბაიჯანის ფინანსურ კრიზისამდე მიყვანაში ცენტრალურ ბანკს ადანაშაულებს.

„ბანკებმა სულ რაღაც წუთებში სერიოზული დანაკარგები განიცადეს, სავსებით შესაძლებელია მათი უმეტესობა გაკოტრდეს კიდეც,“ – განაცხადა მან. „აზერბაიჯანი ჩაეფლო ისეთივე კრიზისში, როგორიც ამერიკაში და ევროპაში მოხდა 2008 წელს“.

აჰმედოვის თქმით, ის თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან და ითხოვდა, რომ „არ განეხორციელებინათ დევალვაცია ერთბაშად და მანათის კურსი თანდათანობით დაეწიათ.“ თუმცა, მოხდა პირიქით და როგორც აჰმედოვი ამბობს, „ცენტრბანკის ხელმძღვანელობამ მოგვატყუა, როგორც დეპუტატები, ისე მთელი აზერბაიჯანელი ხალხი“.

ეკონომიკური ინიციატივების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის აზერ მეჰდიევის აზრით, დევალვაციით მთავრობას შეუძლია დაზოგოს თანხა, რომელსაც ის სახელმწიფო ნავთობის ფონდიდან იღებს. წელს ფონდიდან, რომელშიც ეკონომიკის „გადახურების“ და უკონტროლო ინფლაციის თავიდან აცილების მიზნით აზერბაიჯანული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები ინახება, ხაზინისთვის 10.4 მილიარდი მანათის გაცემა არის გათვლისწინებული. დევალვაციამდე ეს თანხა ფონდს 13.3 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა, ახლა კი ამავე რაოდენობის მანათის დასაფარად მხოლოდ 9.9 მილიარდი დოლარია საჭირო. ამასათან ერთად, ინფლაციის გამო ბიზნესებსაც გაუძვირდებათ გადასახადი, შესაბამისად გაიზრდება სამთავრობო შემოსავლებიც.

მოძრაობა დემოკრატიისა და აღორძინებისთვის ხელმძღვანელი ქუბად იბადოღლუ შიშობს, რომ არსებული ვითარება რეალურ ეკონომიკაზე მხოლოდ უარყოფით გავლენას მოახდენს.

„დოლარის გაძვირების და მანათის გაუფასურების მომენტალური შედეგი არის ის, რომ ძვირდება იმპორტირებული საქონელი. შესაბამისად, 50%-დან 100%-მდე მოიმატებს ფასი პურზე და პურპროდუქტებზე, რომლებიც იმპორტირებული ფქვილისგან მზადდება. ეს კი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წელს ინფლაცია იქნება იმაზე ორჯერ ან სამჯერ მეტი, ვიდრე ამას ცენტრალური ბანკი პროგნოზირებდა. ასეთი მდგომარეობის შედეგად, დაიწევს ცხოვრების დონე, გაუარესდება სოციალური მაჩვენებლები და დაიძაბება ურთიერთობები ხელისუფლებასა და ხალხს შორის,“ – განაცხადა იბადოღლუმ.

იბადოღლუ დასძენს, რომ „მანათის გაუფასურების გამო ხალხმა ეროვნული ვალუტის და ბანკების მიმართ რწმენა დაკარგა, რის გამოც ეკონომიკა უფრო „დოლარიზებული“ გახდება – ტრანზაქციები ნაღდი ანგარიშსწორებით უმეტესწილად დოლარში განხორციელდება. ეს კი, თავის მხრივ, გააძლიერებს ჩრდილოვან ეკონომიკას და მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებები სულ უფრო ნაკლებ გავლენის მოახდენს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე.“

განსაკუთრებით დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცევიან ის ადამიანები, რომლებსაც ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული. ორი წლის წინ ცენტრალური ბანკის მიერ დანერგილი სისტემა ავალდებულებს ბანკებს ყველა სესხი დათვლილი და დაფიქსირებული იყოს დოლარში. იმის გამო, რომ სესხის თანხა მანათებში იფარება, მსესხებლებს ყოველთვიური შენატანები მესამედით გაუძვირდათ.

შარშან, 43 წლის ზაურ მამადოვმა ბანკიდან 3000 მანათი ისესხა, რომლის ფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი, ოთხი წლის ვადით, 32% -ს შეადგენს. ის თვლის, რომ პირობები მაშინვე იყო ძალიან უსამართლო, თუმცა ის იძულებული იყო დათანხმებულიყო, რადგან „ფული ძალიან გვჭირდებოდა.“

„პირველი ხუთი თვე, 93 მანათს ვიხდიდი, ამ თვეში კი 125 გადავიხადე. თუ მანათი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას, წარმოდგენაც კი მეშინია, რა შეიძლება დაგვემართოს,“ – თქვა მან.

იურისტ ანარ ქასიმლის აზრით, ასე არ უნდა ხდებოდეს, რადგან აზერბაიჯანის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დადგენლია, რომ მსესხებლები სესხის გადახდას უნდა აგრძელებდნენ დევალვაციამდე დაფიქსირებული გაცვლითი კურსის მიხედვით.

საპირისპიროს ამტკიცებს ცენტრალური ბანკი. მისი პოზიციით, სამოქალაქო კოდექსში ხარვეზია და სესხების დაფარვა უნდა ხორციელდებოდეს დოლარი-მანათის მიმდინარე კურსის გათვალისწინებით.

ოპოზიციური მოძრაობა „რეალის“ წევრი ნატიკ ჯაფარლი თვლის რომ, სამოქალაქო კოდექსში ამ პუნქტის მართებულობას უნდა ადგენდეს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური ბანკი.

„თუ ყველა თავისებურად მოახდენს ინტერპრიტირებას, ბანკები გადაწყვეტილებებს თავის სასარგებლოდ მიიღებენ და დაზარალდებიან კლიენტები,“ – დასძინა მან.

სტატია მომზადებულია IWPR-ის აზერბაიჯანის პროექტის ფარგლებში.

 

Azerbaijan
Economy
Frontline Updates
Support local journalists