ბაქოში მომხდარი ხანძრის გამო უსაფრთხოების ნორმების გადახედვას ითხოვენ

ოფიციალური პირები მიზეზად მოსაპირკეთებელ მასალას ასახელებენ, რომლითაც ბაქოში შენობები ზაფხულის სპორტული ღონისძიებისთვის შეიფუთა.

ბაქოში მომხდარი ხანძრის გამო უსაფრთხოების ნორმების გადახედვას ითხოვენ

ოფიციალური პირები მიზეზად მოსაპირკეთებელ მასალას ასახელებენ, რომლითაც ბაქოში შენობები ზაფხულის სპორტული ღონისძიებისთვის შეიფუთა.

Inflammable plastic is being blamed for a fire that devastated this apartment block in Baku. (Photo: Elmar Maliksoy)
Inflammable plastic is being blamed for a fire that devastated this apartment block in Baku. (Photo: Elmar Maliksoy)
People laid tributes to honour the 15 people who died in the fire. (Photo: Elmar Maliksoy)
People laid tributes to honour the 15 people who died in the fire. (Photo: Elmar Maliksoy)

ხანძარმა, რომლის დროსაც აზერბაიჯანის დედაქალაქში 15 ადამიანი დაიღუპა და მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსი, ეჭვქვეშ დააყენა მშენებლობის სტანდარტები. მთელი ბაქოს მასშტაბით დაჩქარებული წესით მიმდინარე რეკონსტრუქციული სამუშაოები მომავალ თვეს დაგეგმილ პირველ ევროპულ თამაშებს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ 19 მაისს სახანძრო ეკიპაჟი ხანძრის ადგილას სწრაფად მივიდა, მეხანძრეებმა თექვსმეტსართულიან სახლზე მოდებული ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოახერხეს. პლასტიკური გარე საფარის გამო შენობა ოთხ საათში მთლიანად დაიწვა. გარდაიცვალა თხუთმეტი ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვი. დაშავდა კორპუსში მცხოვრები ორმოცდაათი ბინადარი, მათი უმეტესობა საკმაოდ სერიოზულად.

„როდესაც საღამოს გონზე მოვედი, ექიმმა მითხრა, რომ შვილები აღარ მყავდა – სამი წლის ფარა და ჩემი ჯერ კიდევ არ დაბადებული ბავშვი,“- განუცხადა გუნაი მაჰარამოვამ საინფორმაციო სააგენტო Minval.az-ს. „მას შემდეგ ჭრილობების ტკივილს ვეღარ ვგრძნობ, ახლა ცეცხლი შიგნით მიკიდია და მას ვერავინ და ვერაფერი ვეღარ ჩააქრობს.“

ტრაგედიის შემდეგ მთავრობის დავალებით შეიქმნა კომისია, რომლის პირველი თათბირი 20 მაისს პრეზიდენტმა ალიევმა ჩაატარა. პრემიერ მინისტრის მოადგილის აბიდ შარიფოვის განცხადებით, რომელიც კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა, ბინაგადის რაიონში დამწვარი კორპუსის ბინადრები უზრუნველყოფილები იქნებიან დროებითი საცხოვრებლით და კომპენსაციის სახით თითოეულ ოჯახს 20 000 მანათი (19 500 აშშ დოლარი) გადაეცემა, ხოლო ის ოჯახები, რომლებმაც წევრები დაკარგეს, დამატებით 15 000 მანათს მიიღებენ.

შარიფოვის განცხადებით, მშენებლობის და უსაფრთხოების სტანდარტები არ იყო დაცული, ხოლო მთავარი პროკურორის ზაკირ ქარალოვის განმარტებით, მასალა, რომლითაც შენობის ფასადი მოპირკეთდა არ იყო სერტიფიცირებული.

საგანგებო სიტუაციათა მინისტრი კამალედინ ჰეიდაროვი ამტკიცებს, რომ სერტიფიკატი ერთი კონკრეტული მასალის გამოყენებაზე იყო გაცემული, თუმცა ადგილობრივმა მწარმოებლებმა მას ცეცხლგამძლე დანამატები არ შეურიეს.

პრეზიდენტმა ალიევმა კომისიის წევრების წინაშე თავისი უკმაყოფილება არ დამალა.

„როდესაც კითხვას ვსვამ, არავინ არაფერი იცის. არ იციან ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არც ქალაქის მთავრობაში. არავინ არაფერი იცის,“ – განაცხადა მან. „არაერთხელ მითქვამს, რომ უნდა იყოს წესრიგი. პირველ რიგში, თანამდებობის პირები უნდა იძლეოდნენ მაგალითს. იტაცებენ ადგილებს და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობები, მერე მათ უკანონო გზით არეგისტრირებენ. თუ ეს კიდევ ერთხელ განმეორდება, ამ ადამიანებს არამარტო დავითხოვ სამსახურიდან, არამედ პასუხს ვაგებინებ. ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა.“

ამ დროისთვის, პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია ოთხი პიროვნება – მოსაპირკეთებელი მასალის მწარმოებელი კომპანიის გენერალურ დირექტორი, სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო ფირმის უფროსი და მისი მოადგილე, ბინაგადის რაიონის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ყოფილი უფროსი და ადგილობრივი ბინათმშენებლობის სამსახურის უფროსი. ყველა მათგანს ბრალად ედება სამსახურეობრივი გულგრილობა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა.

კომისიის გადაწყვეტილებით, მსგავსი მოსაპირკეთებელი მასალა ბაქოში ყველა შენობიდან უნდა მოიხსნას.

შენობების ფასადების მოსაპირკეთებლად პენოპალსტისგან დამზადებული მასალის გამოყენება მხოლოდ ახლახან დაიწყეს. ბაქოს და სხვა ქალაქების იერსახის ნაჩქარევი გალამაზება პირველ ევროპულ თამაშებს უკავშირდება, რომელსაც აზერბაიჯანი 12-28 ივნისს მასპინძლობს.

ბაქოს მერის, ჰაჯიბალა აბუტალიბოვის მტკიცებით, ქალაქში პენოპალსტით 140 შენობაა მოპირკეთებული, საგანგებო სიტუაციათა მინისტრის ჰეიდაროვის თქმით, კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 260 შენობაა.

ოპოზიციური მოძრაობა „რეალის“ წევრი ნატიკ ჯაფარლი ფიქრობს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

„ჩვენი ინფორმაციით, ასეთი შენობა 800-ზე მეტია,“ – ამბობს ის და თან ანგარიშობს, რომ თავდაპირველი მიპირკეთების, შემდეგ ძველი მასალის მოხსნის და ახალი, უფრო უსაფრთხო მასალით ჩანაცვლების ხარჯი 800-900 მილიონ აშშ დოლარამდე აღწევს, რაც უკეთესი იქნებოდა რომ დახარჯულიყო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ პროგრამებზე.

ნავთობმუშაკთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მირვარი გაჰრამანლი აცხადებს, რომ დამნაშავეები არიან არა მხოლოდ მწარმოებლები, არამედ სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც პასუხს აგებენ უსაფრთხოების სტანდარტებზე.

„სამწუხაროა, რომ ადრე მომხდარი მსგავსი შემთხვევების უბრალოდ იგნორირება მოახდინეს. აუცილებელად საკუთარ სახლებში ხალხი ცოცხლად უნდა დამწვარიყო, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამოფხიზლებულიყვნენ?“ – განაცხადა მან. „არ უნდა დავუშვათ, რომ მთავარმა დამნაშავეებმა ბრალი სხვებს გადააბრალონ და თავად დაუსჯელები დარჩნენ. ყველამ იცის, რომ კომპანია შენობების ფასადებს თავისი ნებით ვერ გაარემონტებდა. მას ჰქონდა ნებართვა სამთავრობო სტრუქტურებიდან და უსაფრთხოების სააგენტოებიდან“.

ბაქოში მსგავსი ხანძარი მანამდე ორჯერ მოხდა, ერთი წელს, რომლის დროსაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი აჰმედლის უბანში, ხოლო მეორე 2013 წელს, რომლის დროსაც ცეცხლი სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს წაეკიდა. 2014 წელს ხანძარი მოხდა ქალაქ სუმგაიტშიც. საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაღუპულა. აჰმედლის უბნის მცხოვრებლებმა ხანძრის შემდეგ მიმართეს საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თხოვნით, გადაეხედათ რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, რაზედაც სამინისტროდან უპასუხეს, რომ მოსაპირკეთებელი მასალა იყო შემოწმებული და აბსოლუტურად უსაფრთხო.

ბინაგადში დატრიალებული ტრაგედიის დროს, ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა, პოლიცია მათ ადგილიდან გაყვანას შეეცადა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ბაქოს სხვადასხვა უბნებში ადამიანებმა, რომლებიც მსგვასს კორპუსებში ცხოვრობენ, მოსაპირკეთებლი მასალის მოხსნა თავად დაიწყეს და პოლიციაც ამაოდ ეცადა მათ შეჩერებას, თუმცა ათეულობით ადამიანი დააკავეს.

ზამინ ჰაჯიმაც დაჰყო რამდენიმე საათი პოლიციის განყოფილებაში, მას შემდეგ რაც ფეისბუკით მოუწოდა ხალხს მოეძროთ პენოპლასტის საფარი მათი სახლებიდან. „ეს თქვენი შვილების სიცოცხლეს ეხება. მოაძრეთ და გადაირჩინეთ თავი, ვიდრე არ არის გვიანი,“ – დაწერა მან.

პოლიციაში ჰაჯის უთხრეს, რომ აღარ გაევრცელებინა მსგავსი მოწოდებები, რადგან ასეთი საქციელი „ეწინააღმდეგება ჩვენს მენტალიტეტს და ხელს უშლის ქვეყნის კეთილდღეობას.“

ნურგულ ნოვრუზი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ფსევდონიმია.

 

Azerbaijan
Frontline Updates
Support local journalists