ჯარისკაცის სიკვდილმა აზერბაიჯანელები აღაშფოთა
ხელისუფლება იძულებულია უპასუხოს ძლიერ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, რომელიც ახალწვეულის სიკვდილმა გამოიწვია.
ჯარისკაცის სიკვდილმა აზერბაიჯანელები აღაშფოთა
ხელისუფლება იძულებულია უპასუხოს ძლიერ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, რომელიც ახალწვეულის სიკვდილმა გამოიწვია.
18 წლის ახალწვეულის სიკვდილმა ათასობით აზერბაიჯანელი ქუჩაში გამოიყვანა. გასულ კვირას გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლებისაგან სათანადო პასუხს ითხოვდნენ.
ჯეიჰუნ გუბადოვს ჯარში მხოლოდ სამი თვე ჰქონდა ნამსახურევი როცა ის 7 იანვარს ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი ბოლო დროს ჯარში მომხდარი ტრაგედიებიდან ერთ-ერთია უკანასკენლია.
სამხედრო რეფორმების მომხრეების განცხადებით ძალადობა აზერბაიჯანულ არმიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, ბევრი ჯარისკაცი სხვისი ან თავისივე ხელით იღუპება.
თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრის „დოქტრინა“ მონაცემებით გასულ წელს ჯარში არასაბრძოლო ვითარებაში 77 ჯარისკაცი გარდაიცვალა, აქედან გარდაცვალების მიზეზი 19 შემთხვევაში იყო თვითმკვლელობა, 16 ავტო-საგზაო შემთხვევა, 14 ავადმყოფობა, 11 „კანონდარღვევა“, 8 დაუდგენელი გარემოება და ერთიც საერთოდ აუხსნელი.
პროკურატურა გუბადოვის შემთხვევაში, ჯარისკაცის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევას ასახელებდა, თუმცა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა რაც გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც გარდაცვლილის ტანზე ძალადობის კვალის არსებობას ადასტურებდა.
გარდაცვლილი ჯარისაკაცის დედამ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სოციალური მედიის საშუალებებით სცადა, მისი განცხადება „ჩემი შვილი ცემით მოკლეს, დამეხმარეთ დამნაშავეთა დასჯაში“ ელვისსისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
ფეისბუკის და ტვიტერის საშუალებით 12 იანვარს, ბაქოს ცენტრში დემონსტრაციის ორგანიზება მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეკრებებისა და დემონსტრაციების მოწყობა წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე უკანონოა, მიტინგი მაინც ხალხმრავალი იყო. ჟურანლისტების შეფასებით დაახლოებით 2000-3000 ადამიანი იქნებოდა შეკრებილი.
(იხილეთ სტატია „აზერბაიჯანში მომიტინგეებს მკაცრი სანქციები ემუქრებათ“, რომელიც აღწერს აზერბაიჯანის ხელისუფლების ახალ საკანონმდებლო ინიციატივას საპროტესტო აქციების შეზღუდვების თაობაზე.)
აზერბაიჯანისათვის უჩვეულოდ, განრისხებული საზოგადოების პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა და ხმა ხელისუფლებასაც მიაწვდინა.
ორი ჯარისკაცი გარდაცვლილი გუბადოვის საჯარისო ქვედანაყოფიდან, ლეიტენანტი ვეისალ აგაევი და ახალწვეული მუგადაშ გურბანოვი უკვე დააპატიმრეს.
თავდაცვის მინისტრის საფარ აბიევის ბრძანებით გენერალ როვშან აკბაროვს, რომელიც იმ ნაწილს ხელმძღვანელობდა სადაც გუბადოვი მსახურობდა ოფიციალური საყვედური გამოეცხადა, ბაზის მეთაური ფოლად ჰაშიმოვი ჩინით ჩამოაქვეითეს პოლკოვნიკიდან მაიორამდე, ხოლო მეთაურის მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ელდარ საბიროვის განცხადებით გუბადოვის სიკვდილი „დიდი დანაკლისია ჩვენი არმიისათვის“.
„ყველაზე გულცივი ადამიანიც კი ვერ გაუძლებს ასეთ მწუხარებას. ამიტომაც ვიზიარებთ და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დამწუხრებულია ჯეიჰუნის გარდაცვალების გამო,“ ამბობს ის.
საპარლამენტო უმრავლესობის, „იენი აზერბაიჯანის“ ლიდერი მურაბიზ გურბანლი შეეცადა არ ჩამორჩენოდა საზოგადოებრივ განწყობას და 12 იანვრის დემონსტრაციასთნ დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატა.
„ახალგაზრდების აქცია შადრევნის მოედანზე მშვიდობიანი იყო. პროტესტი ჯეუჰუნ გუბადოვის დაღუპვამ გამოიწვია, მონაწილეებმა თავიანთი სათქმელი თქვეს და შედეგიც მიიღეს,“ ამბობს ის.
სავარაუდოდ არა პოლიციის თანამშრომლებმა, აქციის დაახლოებით 120 მონაწილე დააკავეს, მათი ნაწილი მანქანით ქალაქიდან 50 -100 კმ მოშორებით გაიყვანეს და იქ ჩამოყარეს.
აზერბაიჯანში ჟურნალისტთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის განცხადებით აქციის დროს ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ საშუალება შეესრულებინათ თავიანთი სამუშაო. თავად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ემილ ჰუსეინოვს პოლიციელმა გულ-მკერდში ჩაარტყა მაშინ, როცა ის კამერით გადაღებას ცდილობდა.
14 იანვარს აქციის 22 მონაწილე დააჯარიმეს, ჯარიმის თანხა 300დან 600 მანათამდე მერყეობდა. დაჯარიმებულებმა გადაწყვიტეს ჯარიმის თანხა 10,500 მანათი, რაც დაახლოებით 22,000 ლარზე მეტია, ხურდა ფულის სახით გადაეხადათ.
„ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ რათა გაეპროტესტებინათ ჯარისკაცის სიკვდილი, უფრო სწორად მისი მკვლელობა, ამის გამო კი ისინი დააჯარიმეს,“ ამბობს ფარვიზ აზიმოვი, ერთ-ერთი აქტივისტი. „ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ მთლიანი თანხა ხუთ ქიაფიკიანებით (აზერბაიჯანული ხურდა ფული) შეგვეგროვებინა, იმედია მათ ამის გამო შერცხვებათ.“
თუმცა პროტესტი არ იყო ღიად პოლიტიკური, ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა ალი კერიმლიმ თავისი მხარდაჭერა გამოხატა აქციის მონაწილეების მიმართ და განაცხადა ,რომ “დროა ხელისუფლებამ შეწყვიტოს ჯარისკაცების სიკვდილზე თვალის დახუჭვა“.
„ასეთი ქმედებების შეჩერება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. მთავარია დაწესდეს ჯარზე საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი, და ყველა დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,“ ამბობს ის. „ ეს კი ნიშნავს იმას, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი…ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება და ჯარში რეფორმები განახორციელოს. ეს გარდაუვალია, სხვაგვარად ხალხი არ გაჩერდება და ეს სულაც არ წაადგება ხელისუფლებას.“
იდრაკ აბასოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.