ქართული ტურიზმი გადარჩენისთვის იბრძვის
ოდესღაც ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ დარგს პანდემიამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მძიმე დარტყმა მიაყენა
ქართული ტურიზმი გადარჩენისთვის იბრძვის
ოდესღაც ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ დარგს პანდემიამ და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მძიმე დარტყმა მიაყენა
გვანცა გულიაშვილი თავის ბინას ონლიან პლატფორმა Airbnb-ზე 2017 წლიდან აქირავებს. სახლი თბილისის ისტორიულ უბანში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს.
2019 წელს გულიაშვილის მცირე ბიზნესმა სრული დატვირთვით იმუშავა. იმ წელს საქართველოში ხუთ მილიონი ტურისტი ჩამოვიდა, შვიდი პროცენტით მეტი ვიდრე 2018 წელს.
თუმცა, 2020 წლის მარტში, როდესაც ქვეყანა კოვიდის შეზღუდვების გამო დაიხურა, გვანცას ბიზნესიც გაჩერდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მაისის თვიდან, როგორც კი შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ის ისევ ამუშავდა, ბიზნესს ჯერ კიდევ უჭირს, თანაც იმ პირობებში როცა ქირის ფასი გაანახევრა.
„აპრილის შემდეგ ტურისტები თბილისში ისევ გამოჩნდნენ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მუშაობა სრული დატვირთვით განვაახლე,“ თქვა მან. „თვეში ოცი დღე მაინც თუ არის ისეთი, რომ ბინა გაქირავებულია, ეს კარგი შედეგია, ესეც იმის ხარჯზე, რომ ბინის ქირის ფასი გავანახევრე. 2019 წელს ბინას დღეში 63 დოლარად ვაქირავებდი, ახლა ეს ფასი 34 დოლარამდე დავწიე. ეს მაშინ, როცა გასავალი გამეზარდა – გაძვირდა კომუნალური გადასახადები და ჰიგიენური საშუალებებიც, რომელთაც სტუმრებს ვახვედრებ.“
საქართველოს მთავრობა ეკონომიკის და ტურიზმის აღდგენის სწრაფად ტემპით ამაყობს. ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყანაში 231 000 უცხოელი ტურისტი შემოვიდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 122 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი საქართველოში იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი,“ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე. „ვფიქრობ, აღდგენა იქნება 30 პროცენტზე მეტი, შესაძლებელია იყოს 50 პროცენტამდეც. ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი და ვხედავთ, რომ უკვე მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ.“
თუმცა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები არ იზიარებენ ამ ოპტიმიზმს და ამტკიცებენ, რომ კოვიდ-19 და სოციალურ-პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავაც დიდ სირთულეებს უქმნის სექტორს, რომელშიც 170 000-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
2019 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3,3 მილიარდი აშშ დოლარი, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1 პროცენტია. პანდემიის გამო ეს რიცხვი 2020 წლის ბოლოსთვის 541 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ექვსჯერ ნაკლებია.
რესტორატორ მერიკო გუბელაძეს თბილისში ორი რესტორანი აქვს - „შავი ლომი“ და „ლეილა.“ ორივე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას შორის. სხვა დაწესებულებების მსგავსად, 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო კვების ობიექტები დაიხურა. კაფეებსა და რესტორნებს მომხმარებლების შიდა სივრცეებში მიღების უფლება მხოლოდ 2021 წლის 8 მარტს მისცეს, რესტორატორების ხალგრძლივი პროტესტის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ გუბელაძე კმაყოფილია, რომ მისი ორივე რესტორანი ისევ მუშაობს, მისი თქმით, შემოსავალი და დატვირთვა პანდემიამდე ნიშნულთან ახლოსაც არ არის.
„ბევრმა კაფემ და რესტორანმა ვერ გაუძლო შეზღუდვებს და დაიხურა. ჩვენ გადავრჩით,” თქვა მან. „გვიშველა იმან, რომ ეზო გვაქვს და ღია სივრცეზე მოთხოვნა დიდია. ჩვენი სტუმრების უმეტესობა უცხოელები არიან. ადგილობრივი მომხმარებლები მოგვაკლდა. შემცირდა მათი გადახდისუნარიანობაც. თუ პანდემიამდე ქართულ მაგიდაზე საშუალო ჩეკი 150 ლარი იყო (50 დოლარი), ახლა 75 ლარია (25 დოლარი).“
ბევრის აზრით, 5-6 ივლისის მოვლენებმა, როდესაც თბილისის პრაიდის მოწინააღმდეგე მოძალადე ულტრამემარჯვენე ბრბო თავს დაესხა 50-ზე მეტ ჟურნალისტს და დაჭრა პოლონელი ტურისტი გრძელი თმის და საყურეების გამო, იმოქმედა უცხოელ ტურისტებზე.
„ბევრი ჯავშანი გამიუქმდა 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ,“ თქვა გულიაშვილმა. „მწერდნენ, რომ ძალიან უნდოდათ საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ არ სურდათ პრობლემები შექმნოდათ ჩაცმულობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო. ბევრი უცხოელი ტურისტი ფიქრობს, რომ საქართველო მათთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის და ეს ყველაზე დამაზიანებელი ფაქტორია,“
ზურაბ ბაუჟაძე, რომელიც აჭარაში ცხროვრობს და ტურისტულ გიდად მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს, ასევე ამბობს, რომ მისი ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა ივლისის მოვლენების შემდეგ.
„5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ოთხმა ტურისტულმა ჯგუფმა გააუქმა ჯავშანი. უსაფრთხოება ტურისტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჯერჯერობით, ჩვენ გვყავს ტურისტები, რომლებიც ძირითადად ყირგიზეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოდიან,“ აღნიშნა მან.
მდგომარეობას ართულებს ეპიდსიტუაციაც. ამჟამად, საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის და ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ყოველდღიურად 5000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება და მოსახლეობის მხოლოდ 5.6 პროცენტია სრულად აცრილი.
„ხელისუფლებას უნდა დავეთანხმო: ივნისი და ივლისი კარგი თვეები იყო ქართული ტურიზმისთვის. ჩამოვიდნენ ტურისტები არაბეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ 28 ივლისიდან ტურისტები გაქრნენ და არავინ ჩამოსულა. წახვალ ქვეყანაში, რომელიც წითელი ზონის ქვეყნების სიაშია?” კითხულობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
8 აგვისტოდან დიდმა ბრიტანეთმა საქართველო „წითელ ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ისრაელმა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს შორის ყველაზე მაღალმხარჯველი ტურისტები არიან, თავის მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა.
ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი ირაკლი თავართქილაძე მიიჩნევს, რომ ისრაელის აკრძალვას მძიმე შედეგი ექნება. მისი თქმით, ბათუმის ყველა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჯავშნების 70-80 პროცენტი ისრაელის მოქალაქეებზე მოდის.
„ფრენები და სასტუმროების ჯავშნები 16 აგვისტომდე გაუქმებულია. ფრენების აღდგენა დამოკიდებულია საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე. ამჟამად, სტუმრები ძირითადად ჩამოდიან უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და თურქეთიდან. 2 აგვისტოდან ბათუმში დაიწყო ჩარტერული ფრენები ლიეტუვადან და ესტონეთიდან, მაგრამ თუ ევროკავშირი წითელი ზონის ქვეყნად გამოგვაცხადებს და ამ ფრენებს გააუქმებს, ეს რეგიონისთვის იქნება კატასტროფა,“ განაცხადა მან.
მერიკო გუბელაძე თვლის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი იქნება გადამწყვეტი სექტორის გადარჩენისთვის.
„ტურიზმისა და ბიზნესის გადარჩენის წინაპირობა არია ვაქცინაცია. უცხოელი ტურისტის გარეშე ქვეყნას გაუჭირდება,“ აღნიშნა მან. „უცხოელი კი ირჩევს კოვიდუსაფრთხო გარემოს. ჩემს რესტორნებში თანამშრომლების 80% აცრილია, დანარჩენებიც მალე აიცრება. არ იყო მათი აცრაზე დათანხმება ადვილი, მაგრამ მათთან მუშაობით ჩვენ ეს შევძელით.“
გუბელაძემ აზრით, მთავრობამ კოვიდ-19 და მასთან დაკავშირებული კრიზისი ვერ მართა ეფექტურად.
„აკრძალვების და შეზღუდვების გამო სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია ერთხელ უკვე ჩამოიშალა,“ განაგრძო მან. „თავიდან დავიწყეთ აწყობა და იმის გამო, რომ მთავრობამ დროულად არ შემოიტანა ქვეყანაში ვაქცინა და არც ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია წარმართა, რთულია პროგნოზის გაკეთება. არ ვიცი რისი მოლოდინი უნდა გვქონდს და ეს გაურკვევლობა დამატებით პრობლემებს ქმნის.“
„პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია,”ეთანხმება მას ბაუჟაძე. „ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, არაპროგნოზირებადი არის და ეს კიდევ უფრო აფერხებს ტურისტული სექტორის განვითარებას“.
სტატია მომზადებულია გააძლიერე, გაადამოწმე, ჩაერთე პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
This publication was prepared under the "Amplify, Verify, Engage (AVE) Project" implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs, Norway.