მერყევი მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო.
მერყევი მშვიდობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო.
მღელვარე ზაფხულის შემდეგ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სროლის ხმა აღარ ისმის. დაძაბულობის განმუხტვა პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას მოჰყვა, რომელიც ვლადიმირ პუტინის შუამავლობით შედგა.
10 აგვისტოს სოჭში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის დროსაც ორივე მხარეს ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. ყარაბაღში ომის დასრულების და ზავის დადების ოცი წლისთავზე მხარეები კონფლიქტის განახლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. სროლები მიმდინარეობდა როგორც ე.წ. „გამყოფი ხაზის“ გასწვრივ, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარის სხვადასხვა მონაკვეთებზე.
ვლადიმირ პუტინმა შეხვედრას მარტო უმასპინძლა, რითაც ფაქტობრივად ჩამოიცილა ყარაბაღის კონფლიქტის მთავარი მედიატორი ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეებიც, რუსეთთან ერთად, არიან ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი. პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ წყვეტს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, სომხეთთან და აზერბაიჯანთან „ჩვენ გამორჩეული, განსაკუთებულად ახლო ურთიერთობა და დიდი ხნის ისტორია გვაკავშირებს, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გულწრფელად გავცვალოთ შეხედულებები იმის თაობაზე, თუ სად ვიმყოფებით და რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც წარსულიდან გვერგო“.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა მშვიდობიანი პროცესის აუცილებლობაზე ისაუბრა. პუტინის თქმით, მას სჯერა, რომ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც „აქვთ კეთილი ნება“ რაც „ნებისმიერი რთული სიტუაციის“ მოსაგვარებლად აუცილებელი წინაპირობაა.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ თავად სარგსიანის და ალიევის შეხვედრის ფაქტი, უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ორივე მხარე მზად იყო დათმობებზე წასასვლელად, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც საზღვრისპირა ზოლზე დაძაბულობის დაცხრომით.
ყარაბაღის საკითხზე ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ანდრეი კასპრზიკი ადასტურებს, რომ შეტაკებები მართლაც შემცირდა.
„ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კასპრზიკიმ აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო Trend-ისთვის 4 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში. „ზავის შენარჩუნებაზე ორივე მხარე არის პასუხისმგებელი“.
მან ასევე დასძინა, რომ სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტების შესამცირებლად აუცილებელია უსაფრთხოების ახალი ზომების გატარება. მაგალითად, ორივე მხარის დანაყოფების მეთაურებს უნდა მიეცეთ პირდაპირი კავშირის საშუალება, ეუთოს რადიოგადამცემების გამოყენებით.
„ზოგადად, ვცდილობ ნდობის აღდგენის კუთხით ისეთი ზომები გავატარო, რაც გაანელებს დაძაბულობას და ხელს შეუწყობს მინსკის ჯგუფის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას“, – განაცხადა კასპრზიკიმ.
სოჭში შეხვედრის შემდეგ, სარგსიანმა საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ უფრო ააქტიურად ჩაერთოს მხარეთა განცალკევების პროცესში.
„ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ინციდენტების ადრეული გაფრთილებისა და გამოძიების საერთაშორისო მექანიზმი. თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი მექანიზმის ჩამოყალიბებას, ვფიქრობ, ეს იქნება ინციდენტების პრევენციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რადგან მისი საშუალებით შევძლებთ პასუხისმგებელი მხარის გამოვლენას“, – განაცხადა მან ტელეკომპანია Armnews ეთერში.
ამჟამად აზერბაიჯანისა და სომხეთის გამყოფ ხაზზე მშვიდობისმყოფელები არ იმყოფებიან. ასეთი ძალების ამუშავება მოიაზრებოდა „მადრიდის პრინციპების“ პაკეტში. დოკუმენტს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ერთ-ერთი საბაზო დოკუმენტი უნდა გამხდარიყო, ხელი 2007 წელს მოეწერა. „მადრიდის პრინციპები“ ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებამდე მთიანი ყარაბაღისთვის დროებითი სტატუსის მინიჭებას, აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნებას – მათ შორის სომხეთის მიერ კონტროლირებადი, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნას და საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას. არსებობს უთანხმოება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზეც, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამა თუ იმ ელემენტის განხორციელება.
ადგილზე შედარებით მშვიდი ვითარების დამყარებისთანავე, სომეხი ანალიტიკოსები შეეცადნენ გარკვეულიყვნენ იმაში, თუ რამ გამოიწვია ინციდენტების რაოდენობის მკვეთრი მატება. ბევრმა მათგანმა სროლების დაწყებაში პირდაპირ აზერბაიჯანი დაადანაშაულა.
სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე არზუმანიანის აზრით, „აზერბაიჯანმა სომხეთზე ზეწოლის წარუმატებელი მცდელობა განახორციელა იმ მიზნით, რომ ყარაბაღის მოლაპარაკებებზე მისთვის დათმობებზე წასვლა აეძულებინა. ბაქოში ჩათვალეს, რომ თავდასხმისთვის ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყო, რადგან მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზეა მიპყრობილი“.
ერევანში მოქმედი პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი რუბენ მეჰრაბიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ მიზანი სწორედ რომ ეს იყო, თუმცა აქვე დასძენს, რომ მისი განხორციელების მცდელობა კრახით დასრულდა.
„განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ, მას შემდეგ რაც შეტევაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ვერ მოახერხა დასახული სამხედრო მისიის შესრულება, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი მათზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი“, – ამბობს ის.
რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „არის არა ის, რაც მოხდა, არამედ ის, რაც არ მოხდა“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებული იყო დიდძალი ჯარი და შეიარაღება, აზერბაიაჯნულმა ჯარმა წარმატებას ვერ მიღწევა, რაც იმის დასტურია, რომ ის ჯერ საკმაოდ „შორსაა“ ფართომასშტაბიანი შეტევის განსახორციელებისაგან.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომეხი კოლეგების ქილიკზე საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ზაფხულში განვითარებული მოვლენების მიხედვით სომხური ჯარი შეაფასა, როგორც ცუდად გაწვრთნილი, უდისციპლინო და არასათანადოდ აღჭურვილი.
აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პირიქით, დარწმუნებულია თავისი არმიის ბრძოლისუნარიანობაში, სამხედროების ამაღლებულ სულისკვეთებაში და იმაში, რომ ჯარში პირობები ბევრად გაუმჯობესდა, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო APA-მ 6 სექტემბერს გაავრცელა.
ეკატერინა პოღოსიანი Mediamax.am რეპორტიორია სომხეთში. ვაჰე ჰარუტუნიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.