მომხმარებელთა უფლებები და მათი არარსებობა საქართველოში

ახალი კანონმდებლობით ევროპული სტანდარტების შემოღებაა გათვალისწინებული ბაზარზე, სადაც მომხმარებელთა უფლებები ნაკლებად დაცულია.

მომხმარებელთა უფლებები და მათი არარსებობა საქართველოში

ახალი კანონმდებლობით ევროპული სტანდარტების შემოღებაა გათვალისწინებული ბაზარზე, სადაც მომხმარებელთა უფლებები ნაკლებად დაცულია.

Lia Todua of the Centre for Strategic Studies and the Development of Georgia. (Photo: courtesy of L. Todua)
Lia Todua of the Centre for Strategic Studies and the Development of Georgia. (Photo: courtesy of L. Todua)
Tuesday, 26 February, 2013

საქართველოში, სადაც კლიენტი თითქმის ყოველთვის მტყუანია ხელისუფლება მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას აპირებს.

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის თქმით კანონ-პროექტზე მუშაობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს.

ახალი კანონით მოხდება უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა სამომხმარებლო საქონელზე და ასევე ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვებ პროდუქტებზე.

„კანონის წარდგენა სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება,“ ამბობს ტყემალაძე. „მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იმის გამო, რომ სამუშაო პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მასზე მუშაობას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს. აუცილებელია მოვიცვათ ყველა საკითხი და შევთანხმდეთ თითოეულ მათგანზე, არაფერი რომ არ გამოგვეპაროს.“

IWPR სთვის მოწერილ პასუხში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი კანონით „სახელმწიფო კონტროლის უფრო ეფექტურ მექანიზმებს“ შემოიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მაისში მიღებული კანონის შედეგად უნდა გამარტივებულიყო მომხმარებელთა დაცვის და ხარისხის კონტროლის პროცედურები, ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით ის ეფექტური ნამდვილად არ არის.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ხელშეწყობით ფუნქციონირებს (CSRDG) საიტი www.momxmarebeli.ge, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება შეძენილ პრობლემურ საქონელთან დაკავშირებით. საიტის ადმინისტრატორები თვალს ადევნებენ საჩივრებს და თუ პრობლემა საკვებ პროდუქტთანაა დაკავშირებული ხდება მისი იმავე ადგილას შეძენა და ლაბორატორიულად შემოწმება, რის შემდეგაც ხდება კვლევის შედეგების გამოქვეყნება.

“სტრატეგიული კვლევების ცენტრის” წარმომადგენელი ლია თოდუა აცხადებს, რომ მომხმარებელთა მხრიდან მიღებული საჩივრების რაოდენობა მიანიშნებს იმაზე , რომ მათი უფლებები ფაქტობრივად დაუცველია.

„საქართველოში პროდუქციაზე გარანტია არ არსებობს. ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული ლაბორატორიული დასკვნები კონკრეტულ მაღაზიებში 60-მდე დასახელების მდარე ხარისხის პროდუქციის არსებობაზე მიუთითებს,“ აცხადებს ლია თოდუა. „ადგილი აქვს მომხმარებელთა უფლებების დარღვევას.“

თოდუას განცხადებით სურსათის ეროვნული სააგენტო იმდენად შეზღუდული რაოდენობის შემოწმებებს ახორციელებს, რომ მის მუშაობას აზრი ეკარგება.

„როდესაც სააგენტოს ჩვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ვატყობინებთ ისინი რეაგირებას შემთხვევების მხოლოდ 10-20%-ზე ახდენენ. საზიანო პროდუქტის ქსელიდან ამოსაღებად თითქმის არაფერი კეთდება,“ აცხადებს ის. „სააგენტო ვერ ახერხებს წელიწადში 200-ზე მეტი საცალო ობიექტის შემოწმებას. და როდესაც გამყიდველმა იცის, რომ მას არავინ შეამოწმებს სააგენტოს არსებობასაც აზრი ეკარგება.“

სურსათის სააგენტოს შემოწმება მოიცავს დაკვირვებას საკვების ჰიგიენურობაზე, ხარისხზე და დადგენილ ვადებში მის გაყიდვაზე, ასევე ხდება საჭირო დოკუმენტაციის და დანადგარების სისუფთავის კონტროლი შენახვისა და გაყიდვის პროცესში.

„ჩვენ რეაგირებას ვახდენთ ყველა დარღვევაზე, რომლის შესახებაც შეტყობინებას ვღებულობთ“ აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი.

როდესაც საქმე გრძელვადიან საქონელს ეხება, თოდუას თქმით გამყიდველები სამ დღეზე მეტ გარანტიას არ იძლევიან.

„ხშირად გვხვდება პრობლემები ელექტრო საქონელთან დაკავშირებით. მომხმარებლები საგარანტიო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ხშირად ვერ ამჩნევენ, რომ დაზიანებული ნივთის დასაბრუნებელი ვადა მხოლოდ სამი დღე ან ერთი კვირაა,“ ამბობს ის.

თბილისში მცხოვრებმა მარიკამ თავის შვიდი წლის შვილს საახალწლო საჩუქრად პულტით სამართავი მანქანა შეუძინა. ის შეძენიდან 24 საათში გამოვიდა წყობიდან, თუმცა მარიკას მისი უკან დაბრუნება არც უცდია, მიუხედავად იმისა, რომ ის თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში შეიძინა.

„სათამაშოში 45 ლარი გადავიხადე, მაღაზიაში ის მუშაობდა. უკან რომ დავაბრუნო მეტყვიან, რომ მე გავაფუჭე არასწორი მოხმარების გამო,“ ამბობს ის. „ვერაფერს ვერ დავუმტკიცებ.“

თეორიულად უკმაყოფილო მომხმარებელს შეუძლია სასამართლოში იჩივლოს, თუმცა ხარჯები უმეტესწილად აღემატება საქონლის ღირებულებას.

საქართველოს პარლამენტის წევრის გელა სამხარაულის განცხადებით საქართველოს ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ქვეყნის კანონმდებლობა გაუთანაბრდეს ევრო კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია,“ აცხადებს ის.

თინათინ ჟვანია მუშაობს ჟურნალში Business Times Georgia

 

Georgia
Rule of law
Frontline Updates
Support local journalists