მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის დასტურია

ინციდენტების დროს საკომუნიკაციო არხების არარსებობა სახელდება საზღვარზე სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად.

მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობის დასტურია

ინციდენტების დროს საკომუნიკაციო არხების არარსებობა სახელდება საზღვარზე სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად.

Mountainous terrain near Aygedzor, where a farmer died after stepping on a landmine. (Photo: Armenian defence ministry)
Mountainous terrain near Aygedzor, where a farmer died after stepping on a landmine. (Photo: Armenian defence ministry)

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საჭიროა მხარეებს შორის რაიმე სახის საკომუნიკაციო სისტემის არსებობა, რათა მოხდეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შემთხვევების თავიდან აცილება.

24 სექტემბერს 26 წლის ედუარდ დალაქიანი სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეთავუშის რაიონის სოფელ აიგეძორიდან აზერბაიჯანის საზღვართან ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ნაღმის აფეთქებისას ედუარდ დალაქიანმა ფეხისა და ხელის მძიმე დაზიანებები მიიღო. მისთვის დროული დახმარების აღმოჩენა და სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს.

დალაქიანი სომხეთის მიერ კონტროლირებად მხარეს საძოვარზე ღორებს მწყემსავდა, როცა გზააბნეულ ღორს დაედევნა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

სოფლის გამგებელი სასუმ საფარიანი გვიამბობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა შემდეგ.

„აფეთქების შემდეგ, აზერბაიჯანელებს ცეცხლი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჰქონდათ გახსნილი. დაჭრილი აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 30 მეტრით გახოხდა და შეძლო თავის შეფარება ტყვიების ნაკადისგან,“ – „მაშველებმა ბოლოს და ბოლოს შეძლეს მასთან მიღწევა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე ის გარდაიცვალა.“

სხვა საზღვრისპირა სოფლების მსგავსად აიგეძორი და იქ მცხოვრები 2500 ადამიანი სპორადული სროლების გამო მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობს. მათთვის ჩვეულებრივი საქმის კეთება  წარმოუდგენლად რთულია, ხოლო ისინი ვინც დალაქიანის მსგავსად გარეთ მუშაობენ დაჭრის ან დაღუპვის გამუდმებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.(იხილეთ: საზღვრისპირა სროლები როგორც სომხურ-აზერბაიჯანული პოლიტიკის გაგრძელება)

„დალაქიანი სიდუხჭირემ აიძულა პირუტყვს დადევნებოდა. სხვა საარსებო წყარო მას და მის ოჯახს არ გააჩნდა,“ – თქვა საფარიანმა. „ერთი წელიც არაა რაც ცოლი შეირთო, მეუღლე კი ბავშვს ელოდება.“

მსგავსი ინციდენტების დროს საზღვრის გასწვრივ განლაგებულ სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედრო შენაერთებს შორის არ არსებობს არავითარი საკომუნიკაციო საშუალება. იგივე მდგომარეობაა ე.წ. „კონტროლის ხაზზე“, რომელიც აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებსა და სომხების მიერ კონტროლირებადი მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს შორის გამყოფი ხაზს წარმოადგენს.

„სამწუხაროდ ასეთი რამ [საკომუციკაციო არხი] არ არსებობს, რადგანაც აზერბაიჯანელები არასოდეს დგამენ შემხვედრ ნაბიჯებს“, – აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანესიანი. „ჩვენ და ეუთოს მინსკის ჯგუფის მედიატორებმა არაერთხელ შევთავაზეთ მათ ეს იდეა, თუმცა აზერბაიჯანელები მუდამ უარზე არიან“.

ყარაბაღის ომი 1994 წელს ზავით დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება დღემდე არ არის მიღწეული. ოცი წლის მანძილზე ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა მხარეების პოზიციების თანხვედრა უმთავრეს საკითხზე – ყარაბაღი უნდა დაბრუნდეს აზერბაიჯანის შემადგენლობაში თუ მოხდეს მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.

სომხეთის პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან  „მემკვიდრეობა“ თევან პოღოსიანი ამბობს, რომ მინსკის ჯგუფს უნდა ჩამოეყალიბებინა ხუთი წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც გამოიძიებდა და აღრიცხავდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის და მის შედეგად ადამიანთა გარდაცვალების ფაქტებს.

„თეორიულად, ეს მექანიზმები არსებობს, მაგრამ რეალურად არა, იმიტომ რომ აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარებისთვის თანხმობას არ აცხადებს“, – განმარტავს ის. „ჩამოვიდნენ და გამოიძიონ ინციდენტები და აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას რატომ ვერ მოხერხდა მშვიდობიანი მოქალაქის [დალაქიანის] სიცოცხლის გადარჩენა“.

სომეხი ექსპერტები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი გარდაუვალია მომავალშიც.

„მინსკის ჯგუფმა მკაფიოდ უნდა იმოქმედოს აზერბაიჯანის მისამართით, უნდა  ააღებინოს პასუხისმგებლობა ჩადენილ ქმედებებზე იმისთვის, რომ საზღვარზე დაძაბულობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი,“ – განაცხადა ერევნის კავკასიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სერგეი მინასიანმა.

მინსკი ჯგუფის სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის, შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა 27 სექტემბერს გაეროში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამართეს, თუმცა შეხვედრდა უშედეგოდ დასრულდა.

თანათავმჯდომარე ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ: „ხაზგასმით აღნიშნეს მათი ქვეყნების მზადყოფნა ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რომელიც ეფუძნება ძალისა და მუქარის  არგამოყენებას, ტერიტორიულ მთლიანობას, მოქალაქეების თანასწორუფლებიანობას და თვითგამორკვევას“.

პოღოსინის განცხადებით მინსკის ჯგუფი დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ართმევს თავს.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ცდილობენ კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად და ობიექტურად მუშაობას, მაგრამ ამავე დროს თავს არიდებენ პასუხისმგებლობის აღებას. ყოველი ინციდენტის შემდეგ ისინი შემოიფარგლებიან უხერხემლო განცხადებებით, მოწოდებებით და მოთხოვნებით ორივე მხარის მისამართით,“ – ამბობს ის.

ლილიტ არაკელიანი www.medialab.am რეპორტიორია სომხეთში.

 

Frontline Updates
Support local journalists