როგორ ვებრძოლოთ პლუტოკრატიას

განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში კვლავაც არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების საფრთხე მდიდარი და გავლენიანი ჯგუფების მიერ.

როგორ ვებრძოლოთ პლუტოკრატიას

განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში კვლავაც არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების საფრთხე მდიდარი და გავლენიანი ჯგუფების მიერ.

Ghia Nodia, a professor of political science in Georgia's Ilia State University. (Photo courtesy of G. Nodia)
Ghia Nodia, a professor of political science in Georgia's Ilia State University. (Photo courtesy of G. Nodia)
Friday, 26 July, 2019

საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას ბევრი რამ აქვთ საერთო. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, მათი პოლიტიკური სისტემები ბევრად უფრო ღიაა. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერით მათ დაადასტურეს თავიანთი სტრატეგიული არჩევანი და განვითარების ევროპული გზა აირჩიეს. თუმცა, შემდგარი დემოკრატიის ქვეყნებს მათ მაინც ვერ ვუწოდებთ.  

მათი პოლიტიკური ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია და არ არის თავისუფალი მდიდარი ადამიანების გავლენებისგან. ოლიგარქიის, უფრო სწორად კი პლუტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა, კვლავაც პრიორიტეტულია სამივე ქვეყნისთვის.

რასაკვირველია, მსგავსებების პარალელურად არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.  

მოლდავეთის და საქართველოს შემთხვევაში დომინირებს ორი ფიგურა - ვლად პლაჰოტნიუკი და ბიძინა ივანიშვილი - წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც ფინანსურ რესურსებს პოლიტიკურ ძალაუფლების მოპოვებას მოახმარენ. არცერთ მათგანს არ უკავია ოფიციალური თანამდებობა (თუ არ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობას 2012-2013 წლებში), თუმცა გავლენის შენარჩუნებას საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით ახერხებენ - დემოკრატიული პარტია მოლდავეთში და ქართული ოცნება საქართველოში. რაც შეეხება უკრაინას, აქ მოქმედებს პლუტოკრატიული პლურალიზმის სისტემა, რომლის დროსაც გავლენის მოპოვებას ცდილობს რამდენიმე ძალიან მდიდარი ადამიანი, ძირითადად, მედიისა და პოლიტიკური პარტიების გაკონტროლების გზით. ერთ-ერთი მათგანი იყო პეტრო პოროშენკო -  ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი.

წელს, მოლდავეთმაც და უკრაინამაც შეძლო არჩევნების გზით მოეხდინა პოლიტიკური გარღვევა, თუმცა საკმაოდ უჩვეულოდ. უკრაინაში გამოჩნდა ახალბედა პოლიტიკოსი - პოპულარული კომიკოსი ძალიან ბუნდოვანი გზავნილებით, რომელმაც შეძლო კორუმპირებულ პოლიტიკურ ელიტასთან დაპირისპირება. სწორედ პოლიტიკური გამოცდილების არქონა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ხალხმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუჭირა მხარი და ჩათვალა, რომ ის ყველაზე მეტად შეეფერებოდა პრეზიდენტის თანამდებობას: ამომრჩეველთა უმეტესობა პოლიტიკურ გამოცდილებას ავტომატურად კორუფციასთან აკავშირებს. 21 ივლისის საპარლამენტო არჩევნებზე ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ გაიმარჯვა, რამაც მისი მანდატი კიდევ უფრო გააძლიერა.   

მოლდავეთმა უფრო ტრადიციულ გზა აირჩია. თებერვლის საპარლამენტო არჩვენებზე სამი პოლიტიკური პარტია დაწინაურდა: დემოკრატიული პარტია, ღიად პრორუსული სოციალისტური პარტია და პროევროპული ბლოკი ACUM. კონსტიტუციით დადგენილი ვადის თითქმის ბოლო მომენტში სოციალისტებმა და ACUM-მა გვერდზე გადადეს მათ შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოება და ჩამოაყალიბეს მთავრობა. პლაჰოტნიუკი თამაშ გარეთ აღმოჩნდა.  

ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი,  თუ რამდენად წარმატებული იქნება ახალი მთავრობები. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რა სიკეთეს მოუტანს ზელენსკის მმართველობა უკრაინას და რამდენად წარმატებული იქნება ორი რადიკალურად განსხვავებული პარტიის მოკავშირეობა მოლდავეთში. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ მოქმედმა ხელისუფლებებმა შეძლეს არჩევნებზე დამარცხების აღიარება უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.     

საქართველოში, მართალია ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება აღარ არიან ისეთი პოპულარულები როგორც ადრე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ. ამ მხრივ აღსანიშნავია შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიული ფუქციები დარჩა. გაიმარჯვა მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, თუმცა, ამომრჩეველთა დაშინების, მოსყიდვის და ხმების გაყალბების ბრალდებების ფონზე. ამის გამო ბევრმა დაიწყო პესიმისტური დასკვნების კეთება: თუ ასეთი მეთოდები ნორმად დამკვიდრდება, ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. გარდა ამისა, არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ძალიან ხელსაყრელია მოქმედი ხელისუფლებისთვის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველმა პარტიამ ხმების 48% დააგროვა პარტიული სიებით, მაგრამ მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი (73 მანდატი 150 წევრიან პარლამეტში).

სულ ახლახან, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მედიასივრცეში. 2017 წელს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანია რუსთავი 2 ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა მფლობელობაში. რუსთავი 2-მა სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც საბოლოო განჩინებამდე  ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. თუმცა, მიმდინარე წლის 18 ივლისს, ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დადგინდა საქართველოს სასამართლოების მიერ რუსთავი 2-ის უფლებების დარღვევა და შესაბამისად, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ახალი მფლობელი გახდა. როგორიც არ უნდა იყოს საქმის სამართლებრივი გარემოებები, შედეგად მივიღეთ შეცვლილი მედიაბალანსი ხელისუფლების სასარგებლოდ. საქართველოში სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიც არსებობს, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ მივა ახლოს რუსთავი 2-ის პოპულარობასთან.

ასეთ პირობებში, როგორც ჩანს, ტრადიციულ პოლიტიკურ მეთოდებზე უფრო წარმატებული იარაღი ქუჩის აქციები ამოჩნდა. 20 ივნისს, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლური ერების საპარლამენტო ასამბლეის სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უხელმძღვანელა, რამაც  საზოგადოება უკიდურესად აღაშფოთა. ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალის წარმომადგენელი მძღოლის სავარძელში ჩააჯინა და შედეგად მიიღო მასობრივი საპროტესტო აქციები ახალგაზრდების თაოსნობით, რომლებსაც არანაირი პარტიული კუთვნილება არ გააჩნია.

შესაძლოა გავრილოვის ინციდენტი იყო ერთგვარად ბიძგის მიმცემი, თუმცა მასობრივი საპროტესტო ტალღა ზოგადად მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და რაც მთავარია, მთავრობა დათანხმდა საკონსტიტუციო ცვლილებების შემოღებას, რომლის მიხედვითაც, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ქართული ოცნება მუდმივად უგულებელყოფდა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას - მაგრამ დანებდა ქუჩას.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს თამაშის წესები. არავინ ელოდება არჩევნებზე თანაბარი ბრძოლის პირობებს, თუმცა, მაშინ როცა მმართველ პარტიას უმცირდება სრული უმრავლესობის მოპოვების შანსი და კოალიციის შესაქმნელად პარტნიორების მოზიდვას ეცდება, ოპოზიციისთვის ჩნდება გამარჯვების რეალური შესაძლებლობა.

მაგრამ ვინ არის ოპოზიცია? ამ დროისთვის, მთავარ მოთამაშეებად რჩებიან მიხეილ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი ევროპული საქართველო. ამასთან, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ერთნაირად მიუღებელია როგორც ქართული ოცნება, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სწორედ ასეთი გადაუწყვეტელი სეგმენტისთვის გაიმართება ძირითადი ბრძოლა.

9 ივლისს, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც დაკარგა ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა, ახალი მოძრაობის შექმნის თაობაზე გააკეთა განცხადება.  ექსპერტებმა დაიწყეს ვარაუდი, რომ სწორედ ეს ახალი მოთამაშე შეძლებდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვას.

თუმცა, თხუთმეტი დღის შემდეგ, პროკურატურამ ხაზარაძის ბრალი წაუყენა ფულის გათეთრების საქმეში. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და მოლოდინი მძაფრდება: საქართველო განსაკუთრებით ბინძური საარჩევნო კამპანიის მომსწრე გახდება.

გია ნოდია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

This publication was prepared under the "Giving Voice, Driving Change - from the Borderland to the Steppes Project" implemented with the financial support of the Foreign Ministry of Norway.

Frontline Updates
Support local journalists