საქართველო: შეერთებულ შტატებს არ დაუძალებია ირანთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება
მინისტრის განცხადებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული და არ უკავშირდება ამერიკის წუხილს იმის თაობაზე, რომ თბილისი სანქციების დამრღვევი ირანელი მოქალაქეების თავშესაფრად იქცა.
საქართველო: შეერთებულ შტატებს არ დაუძალებია ირანთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება
მინისტრის განცხადებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული და არ უკავშირდება ამერიკის წუხილს იმის თაობაზე, რომ თბილისი სანქციების დამრღვევი ირანელი მოქალაქეების თავშესაფრად იქცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით გადაწყვეტილება ირანთან უვიზო მიმოსვლოს გაუქმების თაობაზე არ იყო მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგად. ადგილობრივი ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ამას მოჰყვება ირანთან სწრაფად მზარდი ტურისტული და ეკონომიკური კავშირების შესუსტება.
გადაწყვეტილება ძალაში 1 ივლისს შევიდა, „Wall Street Journal“-ში სტატიის გამოქვეყნებიდან 10 დღეში. სტატიაში გამოკვეთილი იყო აშშ მთავრობის შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ირანის მოქალაქეები საქართველოს საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად იყენებდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სავიზო რეჟიმის გამკაცრებასა და „Wall Street Journal“ -ში გამოქვეყნებულ სტატიას შორის კავშირს უარყოფს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე კომისის მიერ, იქნა მიღებული.
“მიმდინარეობს საემიგრაციო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ახალი გამოწვევები არსებობს, რის გამოც აუცილებელი გახდა ახალი პოლიტიკის შემუშვება. სწორედ ამ კომპლექსური საკითხის ნაწილია ის, რომ დროებით ცალმხრივად შეჩერდა ირანთან უვიზო მიმოსვლა,”- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
თეირანთან ურთიერთობის გამოსწორების კუთხით პირველი ნაბიჯები წინა ხელისუფლების მიერ 2010 წელს გადაიდგა. მაშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საქართელო-ირანის ურთიერთობები ქვეყნის მიერ დასახული პრო-დასავლური კურსიდან გადახვევის გარეშე განხორციელდებოდა.
გამარტივებული სავიზო პროცედურების საშუალებით საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს შეეძლოთ ქვეყანაში 45 დღის განმავლობაში ვიზის გარეშე დარჩენა. გამარტივების შემოღება დაემთხვა თბილისში ბიზნეს ფორუმის ჩატარებას, რომელზეც 50-ზე მეტი ირანული კომპანია იყო წარმოდგენილი, მათ შორის სამი ბანკი.
შეთანხმების შედეგად ირანიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2010 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 21 300 ადამიანს შეადგენდა, შარშანდელი მაჩვენებელი კი 89 600 ადამიანს ითვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობა 70 მილიონი დოლარიდან 118 მილიონამდე გაიზარდა.
„Wall Street Journal“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნახსენებია, რომ საქართველოში რეგისტირებული ირანული კომპანიების რიცხვი რამოდენიმე ათეულიდან 1489-მდე გაიზარდა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომგანცხადება გაავრცელა.
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ირანის მიერ სანქციებისათვის თავის არიდების ყველა მცდელობის აღკვეთას, მათ შორის საქართველოში შესაძლო ბიზნეს-კავშირების საშუალებით… ამ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველებთან,“ ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ „სტატიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი განცხადების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის შეურყეველ ინტერესს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე ვხედავთ ძლიერ სურვილს, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია გააგრძელოს.“
განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ, შეერთებული შტატების მთავრობის შეშფოთება „ირანის მიერ საქართველოში სანქციებისათვის თავის არიდების მცდელობების გამო“ გაიზარდა და რომ „წუხილი დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს.“
21 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ირანელი ბიზნესმენების საქმიანობას, რათა უზრუნველყოს დაწესებული სანქციების შესრულება. ამის მაგალითია, რომ ხელისუფლებამ 150-მდე ირანულ კერძო და იურიდიულ პირს საბანკო ანგარიშები გაუყინა.
3 ივლისის პრესს-კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს.
„ჩვენ ირანთან ვაგრძელებთ მეზობლურ ურთიერთობას. ამავდროულად, ვასრულებთ გაეროს გადაწყვეტილებებს, რომ არავითარი შავი ფული და არავითარი გაუგებარი პროდუქცია, რაზეც ემბარგოა დადებული, არ მოხერხდეს და ჩვენ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს“ – განაცხადა პრემიერმა
ირანის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მანსურ ჰაყიყათფური უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
„საქართველოს მთავრობა ცდილობს ასიამოვნოს თავის დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებს და სამაგიეროდ მათი მხრიდან გარკვეული სარგებელი მოიპოვოს,“ – განაცხადა მან 7 ივლისს, და დასძინა, რომ ასეთი ნაბიჯი „უარყოფითად იმოქმედებს“ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს ირანთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, თუმცა ეკონომისტების აზრით უვიზო მიმოსვლის გაუქმება ეჭვგარეშე გამოიწვევს ირანული ინვესტიციების კლებას.
„ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ცალსახა დასკვნებს ვერ გააკეთებ. აქ არის ორი საკითხი. ერთი ის, რომ ირანი არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ნომერ პირველი მტერი და მეორე, ეს არის რეგიონალური და ეკონომიკური კონტექსტი. ცხადია, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება აისახება ეკომონიკურ აქტიურობაზე და შეამცირებს მის მოცულობას,“ – აცხადებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია.
„სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით, როდესაც ეს არ იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების კატეგორიული მოთხოვნა. თუმცა, თუ ეს საკითხი მათთან კოორდინირებული იყო, მაშინ ეს სწორი გადაწყვეტილებაა,“ დასძინა მან.
თინა ჟვანია თავისუფალი ჟურნალისტია თბილისში