საქართველოში გაუპატიურების შემთხვევების გამოძიება რთულია

სისხლისსამართლებრივი პროცესის სირთულის გამო, მსხვერპლები ხშირად გაუპატიურების შემთხვევებს არ ასაჩივრებენ, ან მოგვიანებით უარს ამბობენ მის გაგრძელებაზე.

საქართველოში გაუპატიურების შემთხვევების გამოძიება რთულია

სისხლისსამართლებრივი პროცესის სირთულის გამო, მსხვერპლები ხშირად გაუპატიურების შემთხვევებს არ ასაჩივრებენ, ან მოგვიანებით უარს ამბობენ მის გაგრძელებაზე.

Lawyer Eka Kobesashvili. (Photo: Human Rights Centre, Georgia)
Lawyer Eka Kobesashvili. (Photo: Human Rights Centre, Georgia)

მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტი სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტურ გზებს ეძებს, ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, ხელისუფლება პრობლემის მასშტაბს სათანადოდ ვერ აფასებს, ვინაიდან დაზარალებულებს ინციდენტების შესახებ შეტყობინება ხშირად უჭირთ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული გაუპატიურების  170 საქმე იქნა განხილული, ძირითადად არასრულწლოვნების მიმართ.  თბილისის საქალაქო სასამართლომ კი გასული ექვსი წლის განმავლობაში 100 საქმე განიხილა და სამის გარდა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას განსაკუთრებით მძიმე სამართალდარღვევად არ მიიჩნევს და სასჯელის უმაღლეს ზომად ექვსწლიან პატიმრობას აწესებს. უფრო ხანგრძლივი პატიმრობა, 12-დან 20 წლამდე მხოლოდ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვისაა დადგენილი.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გაუპატიურების მსხვერპლთა 50% 14-18 წლის მოზარდები იყვნენ, 14% – უფრო მცირე ასაკის, ხოლო დანარჩენებს უფროსი ასაკის ადამიანები წარმოადგენდნენ.

მარი მესხი, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოფიციალური სტატისტიკა სანდო არაა, ვინაიდან ბევრი შემთხვევა აღურიცხავია.

„ჩვენ სქესობრივი ძალადობის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, მაგრამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სქესობრივი ძალადობის მსხვერპლიც შეიძლება იყოს,“ – აღნიშნა მან.

შეტყობინების დაბალი მაჩვენებელი სტატისტიკურ მონაცემების არასწორ ცვლილებას იწვევს.

ორგანიზაცია „საფარის,“ გინეკოლოგი, ნანა ძნელაძე აცხადებს, რომ გაუპატიურების შემთხვევების შეტყობინება იშვიათად ხდება.

„ჩვენთან შემოსული შემთხვევებიდან არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, როდესაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის გამო მოემართოთ,“ თქვა მან. „მხოლოდ რამოდენიმე სეანსის შემდეგ ირკვევა, რომ კლიენტი ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თუმცა, ამაზე არ საუბრობს და ხშირად წლები სჭირდება, რომ ალაპარაკდეს, ან საერთოდ არც არასდროს აღიაროს ეს ფაქტი.“

ადვოკატი ეკა კობესაშვილის აზრით განხილულ საქმეთა დაბალი რაოდენობა მსხვერპლისათვის საჭირო დახმარების გაწევის შეუძლებლობაზე მიუთითებს.

„პრობლემას კანონის პრაქტიკაში განხორციელება წარმოადგენს. დღესდღეობით, უგულებელყოფილია სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა,“ – აცხადებს ის. „მსხვერპლს უწევს პოლიციის ორგანოებში სიარული, საქმე ერთი გამომძიებლიდან მეორეზე გადადის, უწევს მომხდარის გამეორება და დეტალებში მოყოლა, რაც იწვევს იმას, რომ ეს ადამიანი უფრო მეტ ზარალს და ფსიქოლოგიურ დატვირთვას იღებს და უარს ამბობს საქმის გაგრძელებაზე“.

კობესაშვილი იხენებს შემთხვევას, როცა მისმა კლიენტმა ორი თინეიჯერის მიმართ წარადგინა გაუპატიურების ბრალდება. მსხვერპლი დაყავდათ ადგილის დათვალიერებაზე, პროკურორიდან პროკურორზე ჩვენებების მისაცემად, ორი წლის ლოდინის შემდეგ ეს გოგო დაიღალა და თქვა, რომ საერთოდ აღარ გამოცხადდებოდა პოლიციის ორგანოებში და საქმის გაგრძელებაზე უარს აცხადებდა“,- აღნიშნა მან.

ასევე ხშირია შემთხვევები, როცა პოლიცია გაუპატიურების შემთხვევას სერიოზულად არ იღებს.

ქობესაშვილის თქმით, ორ კლიენტს ჰქონდა მცდელობა პოლიციაში გაუპატიურების ბრალდებით საჩივარი საკუთარი ქმრების წინააღმდეგ შეეტანათ. „პოლიციას ეს სასაცილოდაც არ ეყო და არც კი მიიღეს განცხადებები“, – ამბობს ადვოკატი.

საქართველოს სახალხო დამცველის ქალებისა და ბავშვების უფლებებზე მომუშავე განყოფილების ხელმძღვანელის, ანა არღანაშვილის  განცხადებით ეს სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

2010-2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშებში გამოვლენილია საკმაოდ ბევრი ხარვეზი სამართალდამცავების მხრიდან არაეფექტური რეაგირებისა“, -აცხადებს არღანაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ  სფეროში ზოგადად არის გაუმჯობესება, ჩვენამდე მოსული ინფორმაციით, სამართალდამცავებს არ ჰყოფნით კომპეტენცია აღნიშნულ საკითხში“.

საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ევროსაბჭოს კონვენციის ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ რატიფიკაცია, რომელიც წევრ ქვეყნებს ამგვარი შემთხვევების სისხლის სამართლებრივ დარღვევებად აღიარების, ყველა გამოვლენილ შემთხვევაზე რეაგირებასა და მსხვერპლთათვის თერაპიული და სხვა საჭირო დახმარების აღმოჩენის ვალდებულებას აკისრებს.

საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ამჟამად, კონვენციის ეროვნულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხს სწავლობს.

გაეროს ექსპერტებმა უკვე რამდენიმე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება შესთავაზეს.

მესხის თქმით, თავად კანონი ადექვატურია და მისასალმებელია, რომ უფრო მეტ ქალს უჩნდება სურვილი განაცხადოს გაუპატიურების შემთხვევების შესახებ.

„გასულ წელთან შედარებით [შემოსული] საქმეების რაოდენობამ იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაღლდა ცნობიერება და შეტყობინებაც გაუმჯობესდა. ახლა ახლებური დაცვის მექანიზმები არსებობს, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევების შეტყობინებას უკვე აზრი მიეცა“,- განაცხადა მან.

ნინო ღვედაშვილი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თანამშრომელია.

 

Frontline Updates
Support local journalists