სამართალი მოკლული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის?

აქტივისტები თვლიან, რომ დემონიზაციამ ქვეყანაში დაუსჯელობის კულტურა დაამკვიდრა.

სამართალი მოკლული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის?

აქტივისტები თვლიან, რომ დემონიზაციამ ქვეყანაში დაუსჯელობის კულტურა დაამკვიდრა.

The late Rasim Aliyev. (Photo: Fargana Novruzova)
The late Rasim Aliyev. (Photo: Fargana Novruzova)
Javid Huseynov was sentenced to four years on May 31 by a Baku district court. (Photo: APA news agency)
Javid Huseynov was sentenced to four years on May 31 by a Baku district court. (Photo: APA news agency)
Thursday, 9 June, 2016

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გახმაურებული მკვლელობის გამოძიება ექვსი ადამიანის დაპატიმრებით დასრულდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

თუმცა, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ რასიმ ალიევის სიკვდილი არის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ხმის დემონიზაციის შედეგი, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენას.

31 მაისს, ბაქოს რაიონულმა სასამართლომ ცნობილ აზერბაიჯანელ ფეხბურთელს ჯავიდ ჰუსეინოვს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ალიევის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის არგამხელისა და მძიმე დანაშულის  დაფარვის ბრალდებით.  

საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ ყოფილი კაპიტანი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

აპრილში, ალიევის სასიკვდილოდ ცემის ფაქტზე ხუთი ადამიანი იქნა ცნობილი დამნაშავედ, სასამართლომ მათ ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ალიევსა და ჰუსეინოვს შორის კამათი შარშან ზაფხულს წარმოიშვა ფეისბუკის სტატუსის გამო, რომელშიც ჟურნალისტი ფეხბურთელის საქციელს აკრიტიკებდა. საქმე ეხება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს „გაბალას“  და კვიპროსის გუნდ „აპოლონს“ შორის, რომელიც გასული წლის 6 აგვისტოს გაიმართა. თამაშის მოგების შემდეგ ჰუსეინოვმა მოედანზე თურქეთის დროშა გამოიტანა, ხოლო როდესაც პრესკონფერენციაზე მას ამ ანტიკვიპროსულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, ხელით ისეთი ჟესტი აჩვენა, რომელიც  შეურაცხმყოფელად იყო აღქმული.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ალიევმა და ჰუსეინოვმა შეძლეს სატელეფონო საუბრის შემდეგ დავის მოგვარება, ჰუსეინოვის ახლო ნათესავმა, ელშან ისმაილოვმა მოგვიანებით ჟურნალისტს დაურეკა და ფეხბურთელის სახელით შესარიგებლად შეხვედრა სთხოვა.

თუმცა, შეხვედრაზე ისმაილოვი ოთხ მეგობართან ერთად მივიდა, რომლებმაც ჟურნალისტი სასტიკად სცემეს. 8 აგვისტოს ალიევი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის  შინაგანი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.   

აქტივისების მტკიცებით, ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებების შედეგად ქვეყანაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელიც ადამიანებს აფიქრებინებს, რომ შეუძლიათ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაჩუმება. 

„ხელისუფლება თანდათანობით სულ უფრო აგრესიული ხდება,“ – აცხადებს გაზეთ „აზადლიგის“ რედაქტორი როვშან ჰაჯიბეილი. მისივე სიტყვებით, ეს ყველაფერი 2000-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში ნავთობის ფულმა დაიწყო შემოსვლა.

„უფრო მეტიც, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები  საკუთარ ქვეყანაში პერსონა ნონ გრატებად იქცნენ. რეჟიმმა შექმნა ისეთი გარემო, სადაც ყველას ჰგონია, რომ უფლება აქვს არასასურველ  ჟურნალისტს ასეთი სახით გაუსწორდეს. რასიმ ალიევის მკვლელობა ამის ნათელი მაგალითია,“ – დასძინა მან. 

ალიევი ბოლო ათი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში მოკლული მეოთხე ჟურნალისტია. ბევრი მათგანი დაზარალდა მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.  

2005 წელს მოკლეს ჟურნალ „მონიტორის“ მთავარი რედაქტორი ელმარ ჰუსეინოვი. იმავე წელს, გაზეთ „იენი მუსავათის“ ფოტოჟურნალისტს ალიმ ქაზიმლის პოლიციამ სასტიკად სცემა, რის შედეგადაც ის მალევე გარდაიცვალა.  2011 წელს, გაზეთ „სანატის“ ჟურნალისტი რაფიგ ტაგი, რომელსაც ისლამის კრიტიკას აბრალებდნენ, უცნობმა პიროვნებამ დანით დაჭრა, რის შედეგადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.  

ხელისუფლებამ ახალხან გაათავისუფლა ქვეყნის ყველაზე ცნობილი სინდისის პატიმარი, მრავალი ჯილდოს მფლობელი, გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, თუმცა დაკავებები ისევ გრძელდება.

(იხილეთ: აზერბაიჯანი: პოლიტიკური დაკავებები გრძელდება).

„ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) წარმომადგენელი თამარა გრიგორიევა თვლის, რომ ხელისუფლებამ შემქნა ისეთი გარემო, რომელიც პრაქტიკულად ახალისებს, უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს, როგორც ჟურნალისტების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების მიმართ.

„იმიტომ, რომ როცა თვითონ ხელისუფლება მუდმივად იჭერს ჟურნალისტებს, ბლოგერებს, აქტივისტებს, არასამთავრობოების წარმომადგენელებს, სცემს და აწამებს მათ, აწარმოებს მათ წინააღმდეგ ამაზრზენ კამპანიებს, საჯაროს ხდის მათ პირად ცხოვრებას, აკავებს და ციხეში უშვებს გაყალბებული ბრალდებებით, რა შთაბეჭდილებას ახდენს ეს საზოგადოებაზე?“- განაცხადა მან.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, ცემა და მათი ცხოვრების ხელყოფა დასაშვებია. ეს არის პრობლემის ძირი და სამწუხაროდ, ამ სფეროში გაუმჯობესება არ იქნება მანამ, სანამ არ დავინახავთ უშუალოდ ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს,“ – დასძინა გრიგორიევამ.

ალიევი იყო ონლაინ გამოცემა ann.az-ის რეპორტიორი და ასევე ხელმძღვანელობდა რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტს, რომელიც აზერბაიჯანში მედიის უფლებების დაცვით იყო დაკავებული.

ჟურნალისტი ჯერ კიდევ „ფეისბუკის“ უთანხმოებამდე განიცდიდა მუდმივ ზეწოლას თავისი სამუშაოს გამო. მას სცემდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ალიევმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა თხოვნით, გამოეძიებინათ მის მიმართ განხორციელებული მუქარები, თუმცა მას ყურადღება არ მიაქციეს.

ალიევის საცოლე გულარ აბასოვა ამტიცებს, რომ ჰუსეინოვისთვის გამოტანილი სასჯელი ზედმეტად რბილია და რომ სწორედ ის იყო ცემის მთავარი ორგანიზატორი.  

მისი თქმით, ჰუსეინოვს ფეხბურთელი მაღალჩინოსნები იცავენ, „ამიტომაც გამოუტანეს განაჩენი ნაკლებად მძიმე მუხლით,“- განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. 

მოკლული ჟურნალისტის დედა, ტეიფურა ალიევა აცხადებს, რომ ის ესწრებოდა მისი შვილის და ჰუსეინოვის სატელეფონო საუბრებს და ამიტომ თვლის, რომ ცემის ორგანიზება მოხდა ფეხბურთელის თანხმობით. იგივე განაცხადა უკვე საავადმყოფოში მოხვედრილმა ალიევმაც თავის უკანასკნელ ინტერვიუში გარდაცვალებამდე რამდენიმე სააათით ადრე. 

„რასიმის  დედამაც მისცა ჩვენება, მაგრამ სასამართლომ ის არ გაითვალისწინა,“ – ამბობს აბასოვა.

ალიევის ოჯახი და კოლეგები თვლიან, რომ უნდა დადგეს მკურნალი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი. მათი მტკიცებით, ექიმებმა ავადმყოფი სათანადოდ ვერ შეამოწმეს და ამიტომაც ვერ შეძლეს შინაგანი სისხლდენის დროულად აღმოჩენა.

როდესაც ალიევი საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმებმა ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ, რამდენიმე საათის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა აღმოაჩინეს შინაგანი სისხლდენა. ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.

ალიევის ოჯახის ადვოკატმა ფარიზ ნამაზლიმ შეიტანა სარჩელი სისხლის სამართლის საქმის გადახედვის მოთხოვნით იმის დასადგენად, მოხდა თუ არა ჟურნალისტის გარდაცვალება ექიმების გულგრილობის შედეგად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნამაზლის სარჩელი არ მიიღო, თუმცა ადვოკატი მის გასაჩივრებას აპირებს.

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მრჩევლის აზერ ისმაილის განცხადებით, ბევრი ადამიანი თვლის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მკვლელობებისა და არასათანადო მოპყრობის უკან დგას ხელისუფლება და მისი მაღალჩინოსნები. 

„დაუსჯელობა არის ხელისუფლების პრივილეგია,“ – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ საქმეს მსვლელობა მიეცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაეშვათ თვითგასამართლება და არა იმიტომ, რომ ვინმეს უნდოდა დამოუკიდებელი ხმის დაცვა.

„უცებ, ფეხბურთელმაც მოინდომა ჟურნალისტთან ასეთი მეთოდით გასწორება. სწორედ, ამიტომ დასაჯეს ის და არა იმიტომ, რომ მომხდარიყო სამართლიანობის  აღდგენა,“ – განაცხადა ისმაილიმ.

ნურგულ ნოვრუზი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ფსევდონიმი.

სამირა აჰმედბეილი, IWPR-ის რედაქტორი აზერბაიჯანში.

 

Azerbaijan
Media
Frontline Updates
Support local journalists