სომხეთის პრეზიდენტი თურქეთთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე სერიოზულად ფიქრობს?

სერჟ სარგსიანის განცხადებით, შესაძლებელია მოხდეს ოქმების პარლამენტიდან გამოთხოვა, რითაც შეთანხმების რატიფიცირების იმედები საბოლოოდ გადაიწურება.

სომხეთის პრეზიდენტი თურქეთთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე სერიოზულად ფიქრობს?

სერჟ სარგსიანის განცხადებით, შესაძლებელია მოხდეს ოქმების პარლამენტიდან გამოთხოვა, რითაც შეთანხმების რატიფიცირების იმედები საბოლოოდ გადაიწურება.

ამა წლის აგვისტოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტისას ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ქვეყნებმა მათ შორის არსებული რთული ურთიერთობების მოგვარებაზე დაიწყეს ფიქრი. თუმცა, სომხეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთთან 2009 წელს დადებული ისტორიული შეთანხმების რატიფიცირება არ მოხდება.

24 სექტემბერს გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა მისმა მთავრობამ უკან გამოითხოვოს ხუთი წლის წინ ციურიხში დადებული შეთანხმების ოქმები.

პრეზიდენტის განმარტებით, ხელშეკრულების დადების მერე, თურქეთის მხარემ ახალი, სრულიად მიუღებელი წინაპირობა წამოაყენა, რომელიც მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემას გულისხმობდა.

1994 წელს ფართომასთაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მთიან ყარაბაღს ადგილობრივი სომხური ადმინისტრაცია აკონტროლებს.

„სომხეთში და არცახში [ყარაბაღი], უბრალო ადამიანები მსგავს წინაპიროებებზე ასე რეაგირებენ ‘ეშმაკსაც წაუღია თქვენი რატიფიკაცია’“, – თქვა სარგსიანმა.

პრეზიდენტის თქმით, სომხეთი არასოდეს დათმობს თავის მიწებს.

„ასეთ ვითარებაში, ერევანი სერიოზულად განიხილავს სომხეთი-თურქეთის შეთანხმების ოქმების პარლამენტიდან გამოთხოვის საკითხს“, – განაცხადა სარგსიანმა.

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გამწვავება ორი მნიშვნელოვანი საკითხის გამო მოხდა. პირველი – 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის პერიოდში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობები. სომხები ამ ფაქტს გენოციდს უწოდებენ და დანარჩენ მსოფლიოსაც ამის აღიარებისკენ მოუწოდებენ. ოცამდე სახელმწიფომ მათ შორის, საფრანგეთმა, რუსეთმა, შვედეთმა და გერმანიამ მკვლელობები სომეხთა გენოციდად უკვე აღიარა, თუმცა ეს ტერმინი მიუღებელია თურქეთისთვის.

მეორე საკითხი ეხება მთიან ყარაბაღს. ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე წარუმატებელი მოლაპარაკებების შედეგად ერევანი და ყარაბაღის ადმინისტრაცია თავიანთ საბოლოო მიზნად კვლავაც დამოუკიდებლობას მიიჩნევენ, აზერბაიჯანი კი თავისი ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს.

აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთმა სომხეთთან საზღვარი 1993 წელს სწორედ ყარაბაღის კონფლიქტის გამო ჩაკეტა, რითაც საგრძნობლად შეუზღუდა სომხებს საგარეო ვაჭრობის შესაძლებლობები.

2009 წელს დადებული შეთანხმება სომხურ -თურქული ურთიერთობების დარეგულირებას და ქვეყნებს შორის საზღვრის გახსნას მოიაზრებდა. შეთანხმებას წინ უძღოდა ურთიერთობების მოულოდნელი დათბობა, რასაც ბიძგი 2008 წელს ეროვნულ გუნდებს შორის გამართულმა საფეხბურთო მატჩმა მისცა. ერევანში თამაშის საყურებლად თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ჩამოვიდა და ეს პროცესი „საფეხბურთო დიპლომატიის“ სახელით გახდა ცნობილი.

2010 წელს სომხეთმა თურქეთი ახალი პირობების წამოყენებაში დაადანაშაულა და ამით რატიფიცირების პროცესი ოფიციალურად დაასრულა.

პრეზიდენტის გაეროში გამოსვლის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა ჟურნალისტებს ვერ დაუდასტურა ნამდვილად აპირებდა თუ არა პრეზიდენტი შეთანხმების გაუქმებას.

„პრეზიდენტმა თქვა ის, რაც თქვა, მეტს ვერაფერს დავამატებ“, – თქვა მან.

ნალბანდიანი აგვისტოში ანკარაში პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა და ეს ვიზიტი ძალიან ჰგავდა ურთიერთობების აღდგენის მცდელობას.

პრეზიდენტის გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში.

„ჩვენ ვიხილეთ ძლიერი პრეზიდენტის გამოსვლა, რაც მკაფიო და უდავო არგუმენტებს ეყრდნობოდა“, – დაწერა თავისი ფეისბუკის გვერდზე პარლამეტის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან კარენ ავაგიანმა.

თუმცა, ოპოზიციური დაშნაკცუთიუნის პარტიის წევრი გირო მანოიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის განცხადებაში სხვა რამ იგულისხმება.

„ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ოქმები პარლამენტის დღის წესრიგიდან ამოიღონ“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ თუ თურქეთი ოდესმე მოახდენს ამ ოქმების რატიფირებას სომხეთიც იმავეს გაკეთებას შეძლებს.

„პრეზიდენტს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ამ ოქმებს სომხეთისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია“.

დაშნაკცუთიუნი ზოგადად ყოველთვის კრიტიკულად აფასებდა თურქეთთან ურთიერთობის დარეგულირების ნებისმიერ მცდელობას.

სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წარმომადგენელი ვარამ ტერ-მატევოსიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებამ ფაქტობრივად წერტილი დაუსვა 2009 წელს დაწყებულ პროცესს, რომელსაც დიდი პროგრესი არც ჰქონია.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვებს ქმედითი ნაბიჯები თუ არ მოჰყვა მას სერიოზულად აღარ აღიქვამენ.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში…სომხეთს არაერთხელ წამოუყენებია ოქმების რატიფიცირების საკითხი, თურქეთი კი ჩვეული, უცვლელი მიდგომით ეკიდებოდა მას“, – თქვა ტერ-მატევოსიანმა.

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი თვლის, რომ შეთანხმების აღდგენის ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს.

მისი თქმით, განცხადებას ჰქონდა ორი მიზანი: უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან თურქეთისთვის გამაფრთხილებელი გზავნილის გაგზავნა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება.

„ეს უბრალოდ თურქეთის გასაფრთხილებლად იყო ნათქვამი“, – განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ განცხადებას მეორე მიზანიც ამოძრავებდა – ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები სომხების გულის მოგება.

„თურქეთის მისამართით გაკეთებული ნებისმიერი მკვეთრი განცხადება დადებითად აღიქმება, როგორც სომხეთში, ისე მის დიასპორაში“, – განმარტა მან.

მისივე თქმით, მომავალში ანკარასთან ურთიერთობების დალაგების ნებისმიერი მცდელობა 2009 წლის შეთანხმების „ლოგიკაზე იქნება დაფუძნებული“, რომელიც წარმოადგენს „ურთიერთთანხმობის ერთადერთ შედეგს, რომელიც წარმოუდგენელი სირთულით იქნა მიღწეული“.

რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაკოსიანი მწუხარებით აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სარგსიანმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა გასცდენოდა ისტორიულ პრობლემებს და სომხეთი უფრო რაფინირებული და შორსმიმავალი პერსპექტივიდან წარმოეჩინა.

„არ იყო სათანადოდ გააზრებული ან უბრალოდ მოხდა გაეროს ტრიბუნიდან სომხეთის წარმოჩენის უნიკალური შანსის ხელიდან გაშვება“, – გვითხრა გირაგოსიანმა. „აშკარაა, რომ სომხეთის სახელმწიფოს ხედვის ფორმულირების მორიგი შესაძლებლობა ვერ იქნა გამოყენებული. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პრეზიდენტის მთელი გამოსვლა წარსულზე საუბრით იყო შემოფარგლული, მომავლის ხედვა უმნიშვნელოდ ან სულაც არ იყო ნახსენები. გამოსვლის მთავარი თემა იყო სომეხთა გენოციდი და უფრო ბოლოსკენ, მთიანი ყარაბაღი … არც დემოკრატია და არც განვითარება ნახსენები არ ყოფილა“.

ეკატერინა პოღოსიანი Mediamax.am რეპორტიორია სომხეთში.

 

Armenia, Turkey
Diplomacy
Frontline Updates
Support local journalists