სომხეთში რელიგიურ სწავლებას აკრიტიკებენ
კრიტიკოსების თქმით სკოლებში სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობის ამაღლება სხვა რელიგიების დაკნინების ხარჯზე ხდება.
სომხეთში რელიგიურ სწავლებას აკრიტიკებენ
კრიტიკოსების თქმით სკოლებში სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობის ამაღლება სხვა რელიგიების დაკნინების ხარჯზე ხდება.
მარინე სააკიანის 14 წლის ვაჟი არმანი სკოლაში ზოგიერთ გაკვეთილზე ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. ის და თავისი მშობლები ევანგელისტური „სიცოცხლის სიტყვის ეკლესიის“ მიმდევრები არიან. ერთი შეხედვით, ეს თითქოს არავითარ პრობლემას არ უნდა ქმნიდეს, რადგან სკოლის სეკულარული სტატუსი სომხეთის კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
სააკიანები რელიგიური უმცირესობის ჯგუფს მიეკუთვნებიან და უკმაყოფილონი არიან იმით, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ისტორიის გაკვეთილებზე რწმენის ქადაგება სხვა რელიგიური მიმდინარეობების დისკრედიტაციის ხარჯზე ხდება. ამის გამო არმანი ძალიან უხერხულად გრძნობს თავს კლასში.
„ერთმა მღვდელმა ჰკითხა კიდეც ბავშვებს, დადიოდნენ თუ არა მათი მშობლები რელიგიურ შეკრებებზე და დაჰყავდათ თუ არა ისინი მათთან ერთად,“ – ამბობს მარინე. „თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ეკლესია შეეცდება ამის შეჩერებას. ჩემი შვილი გაჩუმდა და თავი აარიდა საუბარს, მან ხომ იცის რომ ჩვენ განსხვავებული ეკლესიის მიმდევრები ვართ და სახლშიც გასხვავებულად ვიქცევით.“
სომხეთის სკოლებში მოსწავლეები ქვეყნის სამოციქულო ეკლესიის ისტორიას 2002 წლიდან სწავლობენ. ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საკითხის სწავლებით უბრალოდ ხდება იმის ჩვენება, თუ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკლესიამ სომხური იდენტობის შესანარჩუნებლად ქრისტინობის მიღებიდან, ჩვ.წ. აღ-ით 301 წელს, დღემდე.
2005 წლიდან, რელიგიის ისტორია სავალდებულო საგანი გახდა 9 წელზე მეტი ასაკის მოსწავლეებისათვის. ორი წლის შემდეგ, ეკლესიამ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის და საგნის მასწავლებელთა წარდგინების უფლება მოიპოვა. ამავე წელს, ეჩმეაძინთან არსებული ქრისტიანული სწავლების ცენტრი იღებს კონტროლს სილაბუსების შემუშავებაზეც.
ცენტრის დირექტორი ვარდან ნავასარდიანი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ასეთი სწავლება რომელიმე ერთ რელიგიას ანიჭებს უპირატესობას.
„სასკოლო კურსი მოიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკლესიამ ჩვენი ერის ცხოვრებაში მთელი ისტორიის მანძილზე, და ყველა ბავშმა უნდა იცოდეს ამის შესახებ,“ – აცხადებს ის. „ეს იყო საბჭოთა სისტემის ნაკლი, რომ რელიგიის სწავლება სასწავლო პროგრამებიდან ამოღებული იყო.“
სომხეთის კონსტიტუცია თანხმდება სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ეროვნული იდენტობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების საქმეში. განათლების მინისტრს არმენ აშოტიანს არაერთხელ განუცხადებია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობენ მოსწავლეთა მორალური განათლების დონის ასამაღლებლად.
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ სასწავლო კურსი არღვევს ეუთოს მიერ შემუშავებულტოლედოს პრინციპებს, რომლის მიხედვითაც რელიგიის სწავლება უნდა ხდებოდეს ადამიანის ძირითადი უფლებების პრინციპებზე დაყრდნობით.
„ამ საგნის სწავლებას თან ერთვის სხვა რელიგიების მიმართ არატოლერანტობის პროპაგანდა, ამ დროს რელიგიის შესახებ კანონის თანახმად რელიგიური პროპაგანდა აკრძალულია, რადგანაც ის დემოკრატიულობის პრინციპებს ეწინააღმდეგება,“ – აცხადებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი რელიგიის ისტორიის საკითხებში ჰოვანეს ჰოვანესიანი.
ემილ სარგსიანი, რომელიც ევანგელისტური ეკლესიის მრევლია, ამბობს რომ მისი 16 წლის ვაჟი მუდამ კამათობს მღვდლებთან, რომლებიც მის სკოლაში ეკლესიის ისტორიას ასწავლიან.
„ედგარმა უარი განაცხადა იმ იდეების გაზიარებაზე, რასაც საგანი ასწავლის. ამის შედეგად, სკოლაში მოვიდა მღვდელი და დაიწყო ჩემი შვილის დარწმუნება იმაში, რომ ეკლესიის სწავლება იყო მართალი,“ – ამბობს ემილი. „მაგრამ როცა ჩემმა ვაჟმა ისევ თავის აზრზე ყოფნა არჩია, მაშინ მასწავლებელმა ბიჭი მთელი კლასის წინაშე დააყენა და თქვა, რომ ის იყო სექტის წევრი და დაუწყო თავისი აზრების თავზე მოხვევა, როცა წესით ადამიანები თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში.“
„სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიის წარმომადგენელი არმენ ლუსიანი ასეთ არაერთ შემთხვევას იცნობს.
„პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სწავლებას ამოფარებული ცბიერი მასწავლებლები ცდილობენ დათესონ სიძულვილი და არატოლერანტობა სხვა მორწმუნე ჯგუფების მიმართ, წააქეზონ კლასში მყოფი განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მოსწავლეების მიმართ დევნა და დამცირება, და დააბრუნონ ისინი ეგრეთ წოდებულ ჭეშმარიტ გზაზე,“ – აცხადებს ის.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვინახავს ასეთი შემთხვევები და ეს აუტანელია,“ – დასძენს ლუსიანი. „ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიცდიდნენ ასეთ ზეწოლას და დამცირებას.“
არმინე დავთიანი, პედაგოგი და რელიგიური სწავლების შესახებ წიგნის ავტორი თვლის, რომ ყველაფერი იმის ბრალია, რომ ხდება უგულებელყოფა კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოთხოვნის, რომლის თანახმადაც სკოლა სეკულარულ ინსტიტუტს წარმოადგენს.
„მეათე კლასის სახელმძღვანელო გაჟღენთილია იმ აზრით, რომ თუ შენ ხარ სომეხი შენ უნდა იყო სამოციქულო ეკლესიის მრევლი, და თუ შენ ამას არ ღებულობ, შენ უბრალოდ არ ხარ სომეხი,“ – ამბობს ის.
ნავასარდიანი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ რელიგიური სწავლების მიხედვით სომხური იდენტობა გაიგივებულია ეკლესიასთან.
„მოდით ჯერ საგანი ისწავლონ და შემდეგ გადაწყვიტონ რა რელიგიის მიმდევრობა სურთ,“ – განაცხადა მან. „თუ ისლამს ისწავლი და მუსლიმობა გენდომება, ნება შენია, მაგრამ მაინც ვალდებული ხარ იცოდე იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა შენმა ეკლესიამ შენი საკუთარი მამის და ბაბუის ცხოვრებაში.“
ტოლედოს პრინციპების მიხედვით ხელისუფლება უნდა თაობდეს და უწევდეს ზედამხედველობას რელიგიის მასწავლებლების გადამზადებისა და დანიშვნის პროცესს. თუმცა, სომხური კანონმდებლობით ამის განხორციელება ხელისუფლებას და ეკლესიას ერთად ევალება. სინამდვილეში კი, მთლიან პროცესს მხოლოდ ეკლესია აკონტროლებს.
პროფესორი ჰოვანესიანი აცხადებს, რომ ის ესაუბრა რამოდენიმე სკოლის დირექტორს და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს და აღმოაჩინა მთელი რიგი პრობლემების არსებობა.
„მასწავლებლების უკმარისობა განაპირობებს იმას, რომ საგანს ასწავლიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან რელიგიის ისტორიის სპეციალისტები. სახელმძღვანელოები კი ისეთი რთული შედგენილია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც კი გაუჭირდებოდათ მასალის ათვისება,“ – აცხადებს ის.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ნარინე ჰოვანისიანი აღიარებს, რომ ათი წლის წინ მსგავსი პრობლემები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამჟამად კურსი მიჰყავთ მხოლოდ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს. ის ირწმუნება, რომ სახელმძღვანელოები ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის შესახებ იძლევა ინფორმაციას და ამ წელს მათი გამარტივებაც იგეგმება.
ეჩმიაძინთან არსებული ცენტრის დირექტორი ნავასარდიანი დასძენს: „რასაკვირველია, სომხეთის რელიგიის ისტორია დეტალებშია აღწერილი, მაგრამ არავინ ამბობს ‘ბავშვო, შენ უნდა გახდე ამ რწმენის მიმდევარი’. ნუთუ მოსწავლეებმა არ უნდა იცოდნენ, რა როლი ითამაშა ეკლესიამ მათი ქვეყნის ისტორიაში?”
სკოლის მასწავლებელი არმინე დავთიანი ფიქრობს, რომ სომხეთმა მაგალითი უნდა აიღოს რუსეთისგან, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიის სწავლების კურსი სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს და ის „რელიგიის ისტორიისა და კულტურის“ სწავლებით ჩაანაცვლეს.
ნავასარდიანი ამ მაგალითის სომხეთში გადმოტანას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, რუსეთში მრავალი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს, ხოლო სომხეთში მოსახლეობის 90% სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია.
გაიანე მკრტჩიანი ონლაინ გამოცემა ArmeniaNow.com-ის რეპორტიორია.