სომხეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს
სომხეთის ხელისუფლება პოლიტიკოს ვართან ოსკანიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არჩევნებთან შესაძლო კავშირს უარყობს.
სომხეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს
სომხეთის ხელისუფლება პოლიტიკოს ვართან ოსკანიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არჩევნებთან შესაძლო კავშირს უარყობს.
სომხეთის ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთი“ ხელისუფლებას მისი ლიდერის პოლიტიკურ დევნასა და წინასაარჩევნოდ მისი დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ერთ-ერთ ლიდერს ვართან ოსკანიანს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი 2 ოქტომბერს შეუწყდა, რათა ქონების უკანონო გამოყენების ბრალდებით მის წინააღმდეგ საქმე აღძრულიყო.
იმ იმედით, რომ იმუნიტეტის შესაწყვეტად ქვორუმი არ შედგებოდა, საპარლამენტო ოპოზიციამ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო თუმცა, საკუთარი პოზიცია მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა მოკავშირე „სამართლიანმა ქვეყანამ“ მაინც დააფიქსირა. შედეგად ოსკანიანისთვის იმუნიტეტის შეწყვეტის რეზოლუცია სამოცდაოთხი ხმით ორის წინააღმდეგ დამტკიცდა.
2012 წლის მაისში აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ოსკანიანს ბრალი 500,000 აშშ დოლარის უკანონო მითვისებაში ედება, რომელიც საჩუქრის სახით მიიღო მის მიერ შექმნილმა საქველმოქმედო ფონდმა „სივილიტასმა“.
ოსკანიანი ბრალდებას უარყობს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზირებულია, ვინაიდან გამოძიება 6 მაისის საპარლამენტი არჩევნებიდან მესამე კვირას დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით „აყვავებული სომხეთი“ მეორე ადგილზე გავიდა.
არჩევნების შემდეგ, „აყვავებული სომხეთი“ მმართველი პარტიის რიგებს გამოეყო და ოპოზიციაში გადაინაცვლა. (აღნიშნულთან დაკავშირებით სტატია იხილეთ აქ)
“ვფიქრობ, რომ ეს საქმე ორი მიზეზის გამოა პოლიტიზირებული. პირველი იმიტომ, რომ ის ყოველგვარ სამართლებრის საფუძველსაა მოკლებული. ბრალდებაში საუბარია კერძო ფონდზე, რომელმაც ფიზიკური პირისაგან შემოწირულობის სახით კონკრეტული რაოდენობის თანხა მიიღო. ამასთან დაკავშირებით არც დონორ ორგანიზაციას და არც კერძო პირს საჩივრით არ მოუმართავს. ფონდიდან ეს ფული არავის გაუტანია. მეორე მიზეზი კი, ქრონოლოგია გახლავთ…. ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის [თებერვალი 2013] ვემზადებით, ჩემს პარტიასთან დაპირისპირება კი მმართველი გუნდის ძირითადი გამოწვევაა“,- განაცხადა ოსკანიანმა.
სადავო თანხის შემომწირველ ამერიკელ მეწარმეს, ჯონ მ. ხანტსმანს აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ოსკანიანის ადვოკატმა ტიგრან ათანასიანმა განაცხადა, რომ ხანტსმანი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მალე გააკეთებს და „მისი განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იქნება“.
ფონდი „სივილიტასი“ მომხდართან დაკავშირებით ოსკანიანს ამართლებს, თუმცა სომხეთის გენერალური პროკურორის, აგავ ოვსეპიანის განცხადებით, ის ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ საქმეს „აყვავეული სომხეთის“ მმართველი გუნდისგან გამოყოფას უკავშირებს.
“ოსკანიანი, რომელიც პარტიაში თანამდებობით რიგით მეორე პირია, შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად მოვიაზროთ. სასამართლოები ოსკანიანის წინააღმდეგ ირაზმებიან, რათა პარტია „აყვავებული სომხეთის“ იმიჯი შელახონ. აშკარაა, რომ ხელისუფლება ამით პარტიის დისკრედიტაციას ცდილობს“,- განაცხადა ალექსანდრე ისკანდარიანმა, ექსპერტმა და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა.
პრეზიდენტ სერჟ სარქისიანი ამჟამად, რესპუბლიკურ პარტიას ხელმძღვანელობს და თებერვალში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადება.
ოსკანიანი მმართველი გუნდისათვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდეს. საპრეზიდენტო არჩევნებში ოსკანიანი კანდიდატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს, თუკი ამას პარტიის ხელმძღვანელი გაგიკ ცარუკინიანი არ გააკეთებს.
სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, რომლის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაშიც ოსკანიანს მინისტრის თანამდებობა ეჭირა და რომლის სახელსაც ხშირად, „აყვავებულ სომხეთს“ უკავშირებენ განაცხადა: “აღმაშფოთებელია, როცა პარლამენტი საკუთარ დისკრედიტაციას თავად ეწევა, რაც მნიშვნელოვნად ლახავს ქვეყნის იმიჯს. ეს კი, ის არ არის რაც სომხეთს სჭირდება“.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ერევანში ჯონ ხეფერნმა, აღნიშნულთან დაკავშრებით შეშფოთება გამოთქვა.
„ჩემი აზრით, აღნიშნული შემთხვევა ხელს უშლის სომხეთის დემოკრატიის განვითარებისა და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, საქმე გვაქვს შერჩევით მართლმსაჯულებასთან. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ეს საქმე დროში საარჩევნო პერიოდს უკავშირდება“,- განაცხადა მან ერთ-ერთ ვიდეო ბლოგში.
საქმესთან დაკავშირებით, შეშფთება სომხეთის ომბუდსმენმა, კარენ ანდერსანიანმაც გამოთქვა:
“გულახდილად გეტყვით, არ მჯერა, რომ საქმე მხოლოდ სამართლებრივ რეგულაციებთან გვაქვს. იმუნიტეტის მოხსნა სამართლებრივი რეგულირების საკითხია, მაგრამ ის პოლიტიკურ კომპონენტსაც შეიცავს”,- განაცხადა მან www.civilnet.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და რესპუბლიკური პარტის სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ ოსკანიანისთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შეწყვეტას მხოლოდ იურიდიული საფუძველი აქვს.
“სომხეთში გამოძიება პოლიტიკური მოტივით არ იწყება. ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება“,- განაცხადა მან.
ექსპერტთა ნაწილი საქმეს პარადოქსულად მიიჩნევს, ვინაიდან მათი თქმით, ხელისუფლების ქმედება ოსკანიანის დისკრედიტაციის ნაცვლად მისი პოპულარობის ზრდას უწყობს ხელს.
რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორი, რიჩარდ გირაგოსიანი აქცხადებს რომ, „ნებით თუ უნებლიედ სომხეთის ხელისუფლება ოსკანიანს მსხვერპლად წირავს“.
ნაირა მელკუმიანი არის თავისუფალი ჟურნალისტი სომხეთიდან.