საქართველო: პოლიტიკოსები ხარჯების შემცირების უმტკივნეულო გზის ძიებაში
შემოსავლების შემცირება მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, ოფიციალური პირები კი ირწმუნებიან, რომ ეს არ მოხდება სოციალური პროგრამების შემცირების ხარჯზე.
საქართველო: პოლიტიკოსები ხარჯების შემცირების უმტკივნეულო გზის ძიებაში
შემოსავლების შემცირება მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, ოფიციალური პირები კი ირწმუნებიან, რომ ეს არ მოხდება სოციალური პროგრამების შემცირების ხარჯზე.
საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ წელს შემოსავლები მოსალოდნელზე უფრო ნაკლები იქნება, თუმცა მისივე თქმით დანაკლისის შევსება არ მოხდება ჯანდაცვისა და სოცილური დახმარების პროგრამების დაფინანსების შეკვეცის ხარჯზე.
შეფასებების მიხედვით, მთავრობის შემოსავლები წლის ბოლოსათვის დაგეგმილზე ერთი მილიარდი ლარით ნაკლები იქნება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების განმარტებით დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი იმაზე უფრო მცირე იყო ვიდრე ამას მთავრობა პროგნოზირებდა.
11 ნოემბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 2%-მდე შეამცირა. მათი შეფასებით, მკვეთრი ვარდნის მიზეზი კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების შემცირება და აგრეთვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური არასტაბილურობა გახდა.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა შემოსავლების შემცირების ხარჯზე 2%-2.5% წლიურ ზრდას ელოდებოდა
„ეს ტრაგედია სულაც არ არის,“- აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო და ბიუჯეტის შემცირებასთან ერთად მისი პოპულარობა კიდევ უფრო შემცირდება.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არსებული ეკონომიკური პრობლემების წარმოქმნაში ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს.
„წლის დასწყისში, ჩვენ 6%-იან ზრდას ვვარაუდობდით, მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის პოლიტიკურმა – ე.წ. კოჰაბიტაციამ და ყველაზე მეტად პრეზიდენტის ჩარევებმა…მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც 6%-იანი ზრდა ვერ მოხდება“, – განაცხადა მან 13 ნოემბერს პარლამენტში გამოსვლისას.
ფინანსთა მინისტრს არ განუმარტავს რამდენად დიდი იქნება შემოსავლების კლება, თუმცა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ დირექტორი ნინო ევგენიძე თვლის, რომ ამის განსაზღვრა არც ისე რთულია იანვრიდან ოქტომბრამდე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
„თუ შევხედავთ ამ ცხრა თვის განმავლობაში როგორ სრულდებოდა ბიუჯეტი, შესაძლებელია მილიარდი ლარის დანაკლისი იყოს,“ – განაცხადა მან. „თუ ასეა, მაშინ ისმის კითხვა, როგორ აპირებს მთავრობა ხარჯების შემცირებას?“
ეკონომისტების მტკიცებით, კითხვა მდგომარეობს არა იმაში, რომ არსებობს თუ არა ხვრელი ბიუჯეტში, არამედ იმაში, თუ როგორ აპირებს მთავრობა მის ამოვსებას – გადასახადების გაზრდით, ახალი შიდა ვალის აღებით, თუ ხარჯების კიდევ უფრო შემცირებით, რაც ბიუჯეტის სეკვესტრს ნიშნავს.
ევგენიძე ფიქრობს, რომ მთავრობა თანხის დაზოგვას არ მოახდენს საჯარო სექტორის ხელფასებისა და პენსიების არგაცემის ხარჯზე.
„სირთულეები შეექმნება სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას. მაგალითად, უკვე არის ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების შემთხვევები, რის გამოც შემცირებულია სამუშაო ადგილები,“ – აცხადებს ის. „შესაძლოა პრობლემები შეიქმნას ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფული არ ეყოფა ყველა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებას. ერთადერთი, რასაც შეკვეცა არ შეეხება სოცილური ვალდებულებების შესრულებაა“.
მინისტრი ხადური ამტკიცებს, რომ ხარჯების შემცირებას ადგილი არ ექნება.
„სიტყვა სეკვესტრი კარგად დაივიწყეთ და გადააგდეთ,“ – განაცხადა მან პარლამენტში გამოსვლისას. „შესაძლოა შემოსავლების ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ გვქონდეს პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაწევ ხარჯებში ჩვენ პრობლემა არ გვექნება. დღესაც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია თავისუფალი რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში. არანაირი სეკვესტრი არ იქნება; ბიუჯეტს აქვს იმის რესურსი, რომ ყველა აღებული ვალდებულება შეასრულოს“
ხადურის კოლეგა ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი გამორიცხავს ახალი სახელმწიფო შიდა ვალი აღებას და ადასტურებს, რომ შეჩერდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გადაიდო, თანხის გადამისამართება მოხდება სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად“, განაცხადა მან.
მანანა ვარდიაშვილი თანამშრომლობს ჟურნალ „ლიბერალთან“.