ადამიანის უფლებათა დაცვის დღე 2013: მძიმე წელი ადამიანის უფლებებისთვის აზერბაიჯანში

„ამდენი პოლიტპატიმარი არჩევნების ჩატარების წელს არასოდეს გვინახავს“, – ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე 2013: მძიმე წელი ადამიანის უფლებებისთვის აზერბაიჯანში

„ამდენი პოლიტპატიმარი არჩევნების ჩატარების წელს არასოდეს გვინახავს“, – ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი.

Riot police arrest a protester in Baku, January 2013. (Photo: Samira Ahmedbeyli)
Riot police arrest a protester in Baku, January 2013. (Photo: Samira Ahmedbeyli)
Tuesday, 10 December, 2013

ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2013 წელი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით გასულ წლებთან შედარებით ბევრად მძიმე იყო.

წლის განმავლობაში უამრავი ჟურნალისტი, დემონსტრანტი, ოპოზიციური პარტიის წევრი თუ უბრალოდ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი დააკავეს ან ჩასვეს ციხეში. ბევრი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი გახდა ხელისუფლების მცდელობა უზრუნველეყო საპრეზიდენტო რბოლაში ილჰამ ალიევი უმტკივნეულო გამარჯვება. შედეგად, ალიევმა ოქტომბრის არჩევნებზე უპრობლემოდ მოახერხა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის ჯამილ ჰასანლის დამარცხება.

წლევანდელი წელი საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების რაოდენობითაც გამოირჩეოდა. იანვარში, ბაქოში ახალგაზრდებმა ჯარში წვევამდელების არასაომარ  პირობებში სიკვდილი გააპროტესტეს. (იხილით: ჯარისკაცის სიკვდილმა აზერბაიჯანელები აღაშფოთა). იმავე თვეს, საპროტესტო აქცია გამართეს სავაჭრო ცენტრ „ბინას“ მოვაჭრეებმა. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და უკანონოდ გაზრდილი რენტის გადასახადი გააპროტესტეს. ორივე დემონსტრაცია პოლიციამ რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

იანვარშივე, ქალაქ ისმაილიაში მოეწყო საპროტესტო აქცია, რომელიც მოგვიანებით მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მას შემდეგ აუჯანყდა, რაც გუბერნატორის შვილი ტაქსის მძღოლს სასტიკად გაუსწორდა. (იხილეთ: აზერბაიჯანი: ადგილობრივთა ჩივილი აგრესიულ პროტესტში გადაიზარდა). სასამართლო პროცესები დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მათ შორის განხილვის სტადიაშია ახალგაზრდული მოძრაობა Nida-ს წევრი ოპოზიციონერი აქტივისტების და პარტია „მუსავათის“ მრჩევლის იადიგარ სადიქოვის საქმეები. (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: აზერბაიჯანი არჩევნების შემდეგ დიდ სასამართლოდ გადაიქცა).

„სასამართლო პროცესები პრესისთვის პრაქტიკიულად დახურულია. იმის გამო, რომ განხილვები შეგნებულად პატარა ოთახებში ტარდება, დასწრების მსურველებისთვის იქ ფაქტობრივად ადგილი აღარ რჩება. მოსამართლეები დაცვის არც ერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებენ“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას „ადამიანის უფლებათა კლუბის“ ხელმძღვანელი რასულ ჯაფაროვი.

საზოგადოებრივი გაერთიანების „დემოკრატიის შესწავლა“ თავმჯდომარე მირალი ჰუსეინოვი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ოპოზიციონერ აქტივისტებს ბაქოში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეკრებისა და აქციების ჩატარების უფლება მისცა, თუმცა ქვეყნის სხვა რეგიონებში მსგავსი ნებართვა არ გაცემულა.

„არც არჩევნებამდე და არც მის შემდეგ, არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს არ მიეცა საშუალება ესარგებლა შეკრების თავისუფლების უფლებით. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ხელისუფებასთან შეთანხმების გარეშე არასანქცირებულ აქციას მოაწყობდა, სასტიკად უსწორდებოდნენ“,- განაცხადა ჰუსეინოვმა.(იხილეთ -აზერბაიჯანი: არჩევნების წინ ოპოზიციას მიზანში იღებენ).

მსგავსი აკრძალვები სიახლეს არ წარმოადგენს. 3 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა  მოქალაქე სურაია ტაჰიროვას სარჩელი. აზერბაიჯანის სახელმწიფოს 11 000 ევროს ოდენობით ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. ასევე ანაზღაურდება მკურნალობისთვის გაწეული ხარჯებიც. ტაჰიროვა 2005 წელს ბაქოში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სასტიკად სცემა, რის შემდეგაც მას ჰოსპიტალიზება დასჭირდა.

„ეს კარგი პრეცედენტია“, – ამბობს „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორი ასაბალი მუსტაფაევი. „ევროპულ სასამართლოში ბევრი სარჩელია შეტანილი შეკრების თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილებების რიცხვი მალე უფრო მოიმატებს“.

სიტუაცია ისეთი სისწრაფით იზრდებოდა, რომ როგორც Amnesty International ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორი ჯონ დალჰუსენი აცხადებს, საოცრად რთული იყო ყველა შემთხვევისთვის ბოლომდე გედევნებინა თვალი.

„დევნა იმდენად ხშირია და ისე ფართოდ გავრცელებული, რომ რთულია შეაფასო რამდენად მძიმეა სინამდვილეში არსებული სიტუაცია“, – აღნიშნა მან ოქტომბრის თვეში გაკეთებულ განცხადებაში. „ჩვენ უკვე გვყავს 14-მდე „სინდისის პატიმარი“. ეს ხალხი ამჟამად გისოსებს მიღმა მხოლოდ და მხოლოდ თავისი აზრების გამოხატვის ან მშვიდობიანი აქციის მოწყობის გამო იმყოფება“.

ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის ჰასანლის განცხადებით, „აზერბაიჯანის ისტორიის მანძილზე არჩევნების ჩატარების წელს ამდენი პოლიტიკური პატიმარი არასოდეს ყოფილა. ამჟამად ციხეებში 140-ზე მეტი პოლიტპატიმარია“.

ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა რაოდენობაზე სხვადასხვა მონაცემები გააჩნიათ. „ადამიანის უფლებათა კლუბი“, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი“ და „სამართლებრივი კვლევების საერთაშორისო ასოციაცია“ 142 ადამიანს ასახელებენ, რომელთა შორისაც არიან ჟურნალისტები, ბლოგერები, უფლებადამცველი აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

„ადამიანის უფლებათა მონიტორინგის“ ჯგუფის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებამდე მათი რიცხვი 11-ს შეადგენდა. მათ შორის იყვნენ ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ფარად ალიევი და მისი ძმა, კონცერნ „აზპეტროლის“ დირექტორი რაფიგ ალიევი. ისინი 2005 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ოქტომბერში 153 შეწყალებულ პატიმართა შორის აღმოჩნდნენ.

„ჩვენ რასაკვირველია მივესალმებით ამ ამნისტიას“, – ამბობს „ადამიანის უფლებათა და კანონიერების დაცვის ბიუროს“ დირექტორი საიდა გოჯამანლი. „ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რაფიგ და ფარად ალიევები შეიწყალეს. მათი საქმე საკმაოდ გახმაურებული იყო და მათი პოლიტიკურ პატიმრებად ცნობა მოხდა არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.“

Human Rights Watch და Amnesty International ანგარიშების მიხედვით 2013 წელი მძიმე წელი იყო ჟურნალისტებისთვის. ათი მათგანი დააპატიმრეს კიდეც. მთელი წლის მანძილზე მოხდარი სხვადასხვა ინციდენტების დროს ჟურნალისტების ცემის გამო პასუხი არავის არ უგია. პოლიციას ასევე არ გამოუძიებია 2005 და 2011 წელს მოკლული ჟურნალისტების ელმარ ჰუსეინოვის და რაფიგ თაგის საქმეები.

„დაშინება, ძალადობა და მედიაზე ზეწოლა – აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლება ალყაშია მოქცეული. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყნის მაჩვენებელი გამოხატვის თავისუფლების კუთხით მკვეთრად დავარდნილია“, – ნათქვამია ბრიტანული ორგანიზაცია Index-ის მიერ ოქტომბერში ცენზურის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში. „აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ქვეყანამ უნდა გადაიბაროს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, თავად კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს არ ასრულებს“.

24 ნოემბერს, პრეზიდენტი ალიევი წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებს შეხვდა და გააფრთხილა, რომ ფხიზლად იყვნენ გარე მტერთან მიმართებაში. მან გამომცემლებს ურჩია არ გამოაქვეყნონ კრიტიკა, „რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროპაგანდას ემსახურება,“ მან ასევე თხოვნით მიმართა უცხოური გამოცემებისთვის მომუშავე ჟურნალისტებს, რომ არათუ თავად დაწერონ, არამედ უარყონ ყველანაირი კრიტიკა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გაკიცხა იმის გამო, რომ მათ უცხოურ მედია ორგანიზაციებში ადამიანის უფლებების დარღვევათა შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრები არ არიან“, – განაცხადა მან საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტული დანაშაულების ჩადენისთვის დააპატიმრეს. ზოგიერთი მათგანი ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, თუმცა ეს საქმიანობა არ არის იმის გარანტი, რომ ისინი კანონის დარღვევისთვის არ აგებენ პასუხს“.

იდრაკ აბასოვი თავისუფალი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

 

Azerbaijan
Human rights
Frontline Updates
Support local journalists