დაე, არასდროს მოკვდეს იმედი
პოლიტპატიმრის წერილი თანამესაკნის „დანაშაულზე“.
დაე, არასდროს მოკვდეს იმედი
პოლიტპატიმრის წერილი თანამესაკნის „დანაშაულზე“.
რედაქტორის შენიშვნა: წერილის ავტორი უზეირ მამადლი, ახალგაზრდული მოძრაობა ნიდას (N!DA) ერთ-ერთი აქტივისტია. ის 2013 წლის მაისში დააპატიმრეს და ორგანიზაციის სხვა აქტივისტებთან ერთად ბრალი დასდეს შეიარაღებული ამბოხის მოწყობაში, რომელიც თითქოს უცხოეთიდან ფინანსდებოდა. ნიდას აქტივისტები 2013 წლის მარტში დააპატიმრეს, მას შემდეგ რაც მათ ჯარში წვევამდელების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
დაპატიმრების დღიდან უამრავ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა და ყოველი მათგანი თავისებურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. 2013 წლის მარტიდან დღემდე გაცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე მეტად ერთი ბიჭი დამამახსოვრდა. მას უმიდი ერქვა, „უმიდი“ აზერბაიჯანულად „იმედს“ ნიშნავს.
საკანში ყოფნის მესამე დღე იყო, უსაქმურად ვიყავი და მოვიწყინე, ან რა საქმე უნდა ჰქონდეს ადამიანს ციხეში? ვფიქრობდი ვინ იქნებოდა შემდეგი და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ფიქრებში წასული ვგრძნობდი როგორ მეკუმშებოდა გული.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა უმიდი. მისმა ამბავმა ჩემი სასოწარკვეთილება ცოტა ხნით გადამავიწყა. ძალიან გულღია და წარმოუდგენლად ალალი ბიჭი იყო. ადამიანურ ჭუჭყს ის ჯერ არ გაესვარა. ციხეში 2013 წელს მოხვდა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.
უმიდის შემდეგ 20 თანამესაკნე გამომეცვალა, მაგრამ არცერთს არ მოუხდენია ჩემზე ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება. მასთან ერთად მხოლოდ სამი დღე გავატარე და შევეცადე მისთვის რაც შეიძლება მეტი მესწავლებინა. სამწუხაროდ, ცოტა დრო გვქონდა. უმიდი ყველაზე მეტად საკანში ჩემთან ერთად დარჩენას ნატრულობდა. დამშვიდობების დრო რომ მოვიდა, ორივე ცრემლებს ძლივს ვიკავებდით.
უმიდი 1991 წელს დაიბადა შამახის რაიონის სოფელ საბირში. შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში საერთოდ არ უვლია, პრაქტიკულად წერა-კითხვაც კი არ იცოდა. სამაგიეროდ, ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი. რვა წლისას უკვე შეეძლო იარაღის ხმარება და სანადირო იარაღსაც ატარებდა. 14 წლის ასაკში კი უკვე სამი მგელი ჰყავდა მოკლული.
მამა სულიერად ავადმყოფი ჰყავდა, რომლის ჯანმრთელობაც 90-იანების ბოლოს მკვეთრად გაუარესდა. მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახი იძულებული გახდა მიწა და საქონელი გაეყიდა.
2009 წელს უმიდი ჯარში გაიწვიეს და საზღვრისპირა რაიონში გაანაწილეს. მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის არაერთი ჯილდოც აქვს მიღებული.
ერთხელ საუბარში გამიმხილა, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი იყო მუბარიზ იბრაჰიმი (რედაქტორის შენიშვნა: 2010 წელს დაღუპული აზერბაიჯნელი ჯარისკაცი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს) და ძალიან უნდოდა მისნაირი გამხდარიყო. როდესაც ვკითხე, რას იზამდა შემთხვევით სომეხს რომ შეხვედროდა, მიპასუხა რომ არ იცოდა და არც არასოდეს დაფიქრებულა ამის შესახებ. როგორც წესი, ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებდა, ძირითადად მისი ძლიერი კუნთების იმედად იყო.
2010 წლის ოქტომბერში უმიდი სახლში დაბრუნდა, მაგრამ ოჯახში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ფულის საშოვნელად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მის თანასოფლელთან, რომელსაც „ბიძიას“ ეძახდა, დაიწყო მუშაობა. თუმცა „ჩერკიზოვის“ ბაზრის დახურვის შემდეგ იძულებული გახდა ისევ აზერბაიჯანში დაბრუნებულიყო.
მანადე რაღაც პერიოდი მუშაობდა მიმტანად და შეყვარებულზე დანიშვნაც მოახერხა. პერიოდულად, ჩამოდიოდა ბაქოშიც და სხვადასხვა მშენებლობებზე მუშაობით შოულობდა ფულს. ასე 2013 წლის მარტში, მორიგი ვიზიტისას, კეშლინის დასახლებაში მტვირთავად დაიწყო მუშაობა, სადაც, მისი თქმით, ერთი ოლიგარქის შვილი „კრიშის“ სანაცვლოდ ყოველდღე 100 000 მანათს ითხოვდა.
2013 წლის 29 მარტს დილით სამსახურში დასაქმების იმედით მივიდა, თუმცა შუადღისას მიხვდა, რომ იმ დღეს არაფერი გამოუვიდოდა, ამიტომ ქალაქის ცენტრისკენ გაემართა და სკამზე ჩამომჯდარმა გამვლელებს დაუწყო თვალიერება. მოულოდნელად მას უცნობი მამაკაცი მიუჯდა და ლაპარაკი გაუბა, ილაპარაკეს ბევრ რამეზე, ბოლოს უცნობმა „სამუშაო“ შესთავაზა და მისი შესრულებისთვის 600 მანათის გადახდას დაპირდა. სამუშაოს არსი იმაში მდგომარეობდა, რომ უმიდს კონკრეტულ მისამართზე უნდა მიეტანა პაკეტი, რომელშიც იყო მარიხუანა. ჯიბეცარიელი ბიჭი სამუშაოს შესრულებას დათანხმდა, თუმცა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ პოლიცია დაადგა თავზე. ის დააკავეს და მანქანით წაიყვანეს.
დაკითხვაზე უმიდმა გამომძიებლებს ყველაფერი მოუყვა. პოლიციამ მარიხუანას პაკეტი ნივთმტკიცებად დაიტოვა და დაკავებულს სახელმწიფო ადვოკატი მიუჩინა, რომელმაც სასამართლოზე ბრალდებულის დასაცავად ერთადერთი არგუმენტი წამოაყენა – „რატომ ვღუპავთ ბიჭის სიცოცხლეს?“ უმიდს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს სისხლის სამართლის კოდექსის 234.4.3 და 234.4.1 მუხლების მიხედვით. უმიდმა მითხრა, რომ მისმა მეგობრმა იცნო ის კაცი, ვინც მას მარიხუანა გადასცა და მისი თქმით, ის პოლიციელი იყო.
არის თუ არა უმიდი დამნაშავე? კანონის მიხედვით, რასაკვირველია, არის. მაშინ ვინ არიან ისინი, ვინც უმიდისნაირებს ლუკმაპურის გულისთვის მსგვასი დანაშაულის ჩადენას აიძულებენ?
არ ვიცი სად არის ახლა უმიდი ან რა ბედი ეწია მას. იურიდიული რჩევის მიმცემი მას არავინ ჰყავდა და ალბათ, შვიდ-რვა წელს მიუსჯიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ციხეში მისნაირ გულუბრყვილო ბიჭს ან ფიზიკურად გატეხენ ან ფსიქიკურად.
ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ უმიდი შეასრულებს იმას, რასაც დამპირდა და არასოდეს შეიცვლება, არასოდეს დაკარგავს თავის ადამიანურ სისუფთავეს და არ ამოისვრება ამქვეყნიურ სიბინძურეში.