საზოგადოებრივი ზეწოლა აფხაზეთში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონის მისაღებად

აქტივისტები პრობლემის ფართოდ გავრცელებას 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ.

საზოგადოებრივი ზეწოლა აფხაზეთში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონის მისაღებად

აქტივისტები პრობლემის ფართოდ გავრცელებას 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ.

Natella Akaba, head of the Association of Women of Abkhazia. (Photo: Anaid Gogoryan)
Natella Akaba, head of the Association of Women of Abkhazia. (Photo: Anaid Gogoryan)
Saturday, 8 December, 2012

აფხაზეთის წამყვანმა ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონპროექტი  შეიმუშავა, რომელიც განახლებული ძალით შეეცდება აქამდე ტაბუირებული საკითხების მოგვარებას.

აფხაზ ქალთა ასოციაციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიცავს ცოლებსა და ბავშვებს ოჯახის წევრთა მხრიდან ძალადობისაგან; მილიციას მიანიჭებს ჩარევის მნიშვნელოვან უფლებას; შემოიღებს შემაკავებელ ორდერს და უზრუნველყოფს შესაბამისი ცენტრის შექმნას, სადაც მსხვერპლებს ფიზიკური თავშესაფრისა და ფსიქოლოგიური დახმარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ასოციაციის ხელმძღვანელი, ნათელა აკაბა ამბობს, რომ  პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა მათ კანონის დამტკიცებაში დახმარების პირობა უკვე აღუთქვა.

ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთში ოჯახური ძალადობის შემთხვევები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის (1992-1993 წლები) შემდეგ გახშირდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა ათწლიანი ეკონომიკური დეპრესიის შედეგად.

ქალთა ასოციაციის იურისტის, ლარისა სმირის განმარტებით, კონფლიქტის შემდგომი ტრამვის ერთი შედეგი იყო ის, რომ მამაკაცებმა „სახე დაკარგეს“, ხოლო ქალები  „დაუცველები აღმოჩნდნენ, მას შემდეგ, რაც ომში მათი მამები და ძმები დაიღუპნენ“.

სმირის კოლეგა, ქალთა ასოციაციის თანამშრომელი, ლუდმილა ჯინჯალი, აღნიშნავს, რომ, „მომხდარმა, ადამიანები შინაგანად – ფსიქიკურად შეცვალა, მამაკაცებმა მეტი აგრესიის გამოხატვა დაიწყეს. და სად შეძლებდნენ ისინი ამ აგრესიის გამოხატვას? ოჯახში“.

“რა თქმა უნდა, მამაკაცები ისევე აღმოჩნდნენ ამ ტრამვის მსხვერპლნი, როგორც ქალები და ბავშვები. საგანგაშოა იმაზე ფიქრი, რომ დღევანდელი თაობის ბავშვებმა, შესაძლოა მსგავსი საქციელი ნიმუშად აიღონ და საკუთარ ოჯახებშიც ასე მოიქცნენ”, – დასძინა მან.

ჯინჯალის თქმით, 2007 და 2012 წლებში ასოციაციამ ფოკუს ჯგუფთან შეხვედრები გამართა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ისეთი პროფესიის წარმომადგენლები, როგორებიც არიან მოსამართლეები, ექიმები, იურისტები და მილიციის თანამშრომლები. ამ შეხვედრების შედეგად “ჩვენ დავასკვენით, რომ ეს იყო ომის შემდგომი მდგომარეობის ნაწილი“.

60 წლის ვენერა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაქვრივდა, თუმცა, მოგვიანებით დაქორწინდა ადამიანზე, რომელიც მოძალადე აღმოჩნდა.

“მცემდა და მაგინებდა, მაგრამ მე ვითმენდი. ვფიქრობდი: გათხოვილი ვარ, შვილი მყავს და ამ ფაქტს, უბრალოდ, უნდა შევეგუო-მეთქი. ასეც მოვიქეცი“, თქვა ვენერამ, –  “სად შეიძლებოდა წავსულიყავი? ამის შესახებ არავისთვის მითქვამს“.

მისი თქმით, მეუღლე განსაკუთრებით აგრესიული მაშინ ხდებოდა, როცა შინ ნასვამი ბრუნდებოდა. ერთხელ, მან ვენერა იმ მიზეზით სცემა, რომ ის არ მუშაობდა, სინამდვილეში კი მას მთელი ღამის განმავლობაში რუსეთის საზღვარზე ციტრუსი გადაჰქონდა.

“საბოლოოდ საავადმყოფოში აღმოვჩნდი”, – განაცხადა მან, – „არავინ დამხმარებია. მილიციამ ვერაფრით დაგეხმარებიო და სასამართლოსთვის მიმართვა მირჩია, მაგრამ ადვოკატის დასაქირავებლად ფული მჭირდებოდა, თუმცა სასამართლოში საქმეს მაინც წავაგებდი, რადგან ის ცნობილი პიროვნება იყო, ძმები ყავდა, მე კი არაფერი გამაჩნდა. მისთვის ვიყავი მწმენდავი, მონა”.

ბოლოს ქმარმა ვენერა სახლიდან გამოაგდო და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში დატოვა, ხოლო მანამდე კი აიძულა საკუთარი ბინა გაეყიდა, რომელიც ვენერას როგორც ომის შედეგად დაქვრივებულს ისე გადაეცა.

აფხაზ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნათელა აკაბამ განაცხადა, რომ სწორედ ვენერასა და მსგავსი ქალბატონების საქმეებმა დაარწმუნა ის და მისი კოლეგები, რომ ახალი კანონის მიღება იყო საჭირო.

საიდ გეზარდავამ, რომელმაც ასოციაციას კანონპროექტის შემუშავებაში დაეხმარა, განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ აქამდე არსებული კანონმდებლობა სთანადოდ გამართული არ იყო.

“ეს ბევრად უფრო მიზანმიმართული კონცეფციაა, რომელიც მსხვერპლთა დასაცავად მეტ გარანტიებს შეიცავს, რაც დღეისთვის არსებულ კანონმდებლობაში არ არსებობს”, – განაცხადა მან, – “ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა – ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. იმედი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა თავიანთ მოსაზრებებს დაამატებენ”.

პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, ჯემალ გოგიამ განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების ცალკე სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ის სხვა დანაშაულების შესახებ არსებულ ზოგად სტატისტიკაში მოიაზრება. პროკურატურა იმ საქმეებს იძიებდა, სადაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ჰქონდა ადგილი“.

გოგიამ განაცხადა, რომ პროკურატურა მხარს დაუჭერს კანონპროექტის დამტკიცებას.

“ძალადობის ფაქტები ხდება და ამის შესაჩერებლად აუცილებელია, არსებობდეს კანონი, რომელიც ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დაარეგულირებს“, – განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის დამტკიცებას მხარს ისეთი ინსტიტუტიც უჭერს, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლეონიდ ჩამაგუას მოსაზრებით, მისი დამტკიცებისას საზოგადოების ზეწოლამ შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს.

“თუ პირმა იცის, რომ ის საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზოგად წესს არღვევს და საზოგადოებაც მიუთითებს ამისკენ, მაშინ მას აღარ მოუნდება ამის გაკეთება”, – განაცხადა ჩამაგუამ.

აკაბა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა გაიგოს. “აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოდ”.

ამასობაში ვენერას თავისი გზავნილი აქვს ქალბატონებისთვის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

“გოგონებო, სწორად გამიგეთ – არაფერს შეეგუოთ“, – განაცხადა მან, – “მინდა ეს  პატარებმაც და დიდებმაც გაიგონ. თქვენ უბრალოდ არ უნდა შეეგუოთ ამას. თუ ის ერთხელ გცემთ, ის ამას სხვა დროსაც მრავალჯერ გაბედავს”.

ანაიდ გოგორიანი არის გაზეთის „Chegemskaya Pravda” რეპორტიორი აფხაზეთში.  

 

Abkhazia
Frontline Updates
Support local journalists