ყარაბაღის ლიდერი გამოწვევას იგერიებს
დამარცხებული ოპონენტი შესაძლოა ყარაბაღის პირველი ნამდვილი ოპოზიციური ძალის ცენტრალური ფიგურა გახდეს.
ყარაბაღის ლიდერი გამოწვევას იგერიებს
დამარცხებული ოპონენტი შესაძლოა ყარაბაღის პირველი ნამდვილი ოპოზიციური ძალის ცენტრალური ფიგურა გახდეს.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბაკო სააკიანმა 19 ივლისის არჩევნებში შესაძლოა ადვილად გაიმარჯვა, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით მისი დამარცხებული ოპონენტის ირგვლივ ახალი ოპოზიციური მოძრაობა ყალიბდება, რასაც მან ანგარიში უნდა გაუწიოს.
მიუხედავად იმისა, რომ სააკიანმა ხმების 67% მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა, ვიტალი ბალასიანმა ხმების მნიშვნელოვან ნაწილი, 32.5% დააგროვა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალ პროცენტულ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.
2007 წელს, როცა სააკიანი პირველად აირჩიეს, მან ხმათა 85% მიიღო და წინა არჩევნების მოდელი განმეორდა, სადაც კანდიდატი ან ხელახლა ირჩეოდა, ან პირდაპირი წესით ხელისუფლება ფავორიტ შთამომავალს გადაეცემოდა.
მთიანი ყარაბაღი საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენდა, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდგომ მას სომხური მხარე აკონტროლებს. 1994 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად კონფლიქტი ეფექტურად გაიყინა, მაგრამ სამშვიდობო შეთახნმების ხელმოწერა არ მომხდარა. გაჭიანურებული მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა ყარაბაღისათვის ისეთი სამომავლო სტატუსის შერჩევა, რომელიც ყველა მხარისათვის მისაღები იქნებოდა.
ყარაბაღის მოსახლეობისადმი არჩევნების შემდგომ მიმართვაში სააკიანმა პირობა დადო, რომ ცხოვრების დონეს გააუმჯობესებდა, რაც, IWPR-ის ადრე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ამომრჩევლების ერთ-ერთ მთავარ წუხილს წარმოადგენდა. იგი მოსახლეობას ყარაბაღის, სომხეთისა და მსოფლიო სომხური დიასპორას „სამების“ განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალების გაძლიერებას დაპირდა.
როგორც სჩანს, მის გუნდს ნაკლებად აღელვებდა ხმების რაოდენობის დაცემა 2007 წლის შედეგებთან შედარებით.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა… იყო შეცდომები, რაც შეიძლება ისევ განმეორდეს – ეს ჩვეულებრივი რამაა. პრეზიდენტი სააკიანი არასოდეს უარყოფდა თავის შეცდომებს,“ განაცხადა მისმა სპიკერმა დავით ბაბაიანმა. „მაგრამ საჭირო საკითხების მოგვარებისათვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.“
ბალასანიანმა მიიღო დამარცხება, მაგრამ განაცხადა, რომ არჩევნები უსამართლოდ წარიმართა. მას ჯერ კიდევ არ მიულოცავს გამარჯვება ოპონენტისათვის.
„მთიანი ყარაბაღის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რაც პოლიტიკურ ატმოსფეროს მთლიანად შეცვლის,“ აღნიშნა ერევნის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ალექსანდრე ისკანდარიანმა 20 ივლისს გამართულ პრეს კონფერენციაზე. „ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ყარაბაღში ოპოზიციური ძალა ყალიბდება და ხელისუფლებას გაუჭირდება ანგარიში არ გაუწიოს მას.“
ისკანდარიანის თქმით ბალასანიანის მხარდამჭერ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ჯგუფი სწორედ ამ ახალი ოპოზიციის უკან დადგება.
ბალასანიანმა ეს არჩევნების შემდგომ შენიშვნებში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ იგი პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს, ვინაიდან ყარაბაღის საარჩევნო ასაკის მქონე მოსახლეობის სულ მცირე მესამედი ახლანდელი მთავრობით უკმაყოფილო იყო და ცვლილება სურთ.
„გადაწყდა, რომ ორი პოლიტიკური ძალა იქნება და ჩვენ ამ ცვლილებას პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა ფორმით მივაღწევთ.“ აღნიშნა მან.
ყარაბაღის პოლიტიკური ოპოზიცია ტრადიციულად სუსტია და ძირითდად არჩევნების დროს საპარლამენტო მანდატების მოპოვების მსურველი პირებით შემოიფარგლება. სააკიანს სამივე საპარლამენტო პარტიის – თავისუფალი სამშობლოს, არცახისა და დაშნაცუცუნის დემოკრატიული პარტიების, ასევე მანდატების გარეშე დარჩენილი კომუნისტური პარტიის მხარდაჭეერაც ჰქონდა.
სამოქალაქო სამართლიანობის პარტიის ხელმძღვანელი კარენ ოანჯანიანი დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები ცვლილებაზე მიუთითებს და რომ მალე უფრო ძლიერი ოპოზიცია წარმოიქმნება.
„ეს პოლიტიკური ძალა ყარაბაღის საზოგადოების ყველა ჯანსაღ ძალას გააერთიანებს და მთავრობას კანონიერი არჩევნების გზით შეცვლის… თანდათან უფრო ჯანსაღი სოციალური და პოლიტიკური კლიმატი შეიქმნება.“ განაცხადან მან. „ახლანდელმა ხელისუფლებამ მთავრობის არჩევითობის ცნება დააკნინა.“
პრეზიდენტის სპიკერმა, დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის კრიტიკას იმ შემთხვევაში გაითვალისწინებს, თუ ის კონსტრუქციული იქნება.
„თუ თქვენს ოპონენტს კონსტრუქციული მოსაზრება გააჩნია, მაშინ მასთან თანამშრომლობა შესაძლებელი და საჭიროც არის. ყველაფერი კონსტრუქციულობის დონეზეა დამოკიდებული,“ აღნიშნა მან.
ამ დროს ბალასანიანის კამპანიის ხელმძღვანელმა ედუარდ აღაბეკიანმა ყარაბაღის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელი წარუდგინა.
„გამარჯვებულ კანდიდატსა და მის გუნდს არჩევნების სამართლიანად ჩატარების საშუალება არ მიეცათ. კენჭისყრა თავისუფალი, მაგრამ უსამართლო იყო,“ ამბობს ბალასანიანი მის განცხადებაში ფეისბუქზე – მედიუმში, რომელსაც იგი კამპანიის დროს აქტიურად იყენებდა. „კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს ადამიანები წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ და [სახელმწიფო] ადმინისტრაციული რესურსები მთლიანად გამარჯვებული კანდიდატის ხმების შეგროვებას მოხმარდა.“
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას ყარაბაღში არჩევნების დამკვირვებლები არ გაუგზავნია, ვინაიდან ქვეყნის სუვერენიტეტი ჯერ კიდევ არ აღიარებულა. დამკვირვებლები გააგზავნა ჰოლანდიურმა საარჩევნო სისტემების საერთშორისო ექსპერტთა ცენტრმა, რომელთა აზრითაც კენჭისყრა და ხმების დათვლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატულებას წარმოადგენდა. პროცესს რუსეთიდან მოვლენილი დამკვირვებლებიც პოზიტიურად აფასებდნენ.
თუმცა, სხვები არჩევნების მიმდინარეობაში ხარვეზებსაც ხედავდნენ. დადებითი შტრიხების აღნიშვნის შემდეგ სომხეთის ევროპელი მეგობრების ჯგუფმა განაცხადა, რომ მისი მონიტორები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც უცხო ადამიანებიც იყვნენ, ხოლო საარჩევნო ყუთები სწორად დალუქული და მარკირებული არ იყო.
ვებ-გვერდზე Karabakh-open.info განთავსდა ინფორმაცია ყველა დარღვევის სესახებ, მათ შორის ანგარიში ასკერანის რეგიონში სოფელ აცღაშენში ბალასანიანის აგენტის შეურაცხყოფის შესახებ. ეს ინფორმაცია კანდიდატის მიერ საარჩევნო ხელისუფლებისათვის წარდგენილ საჩივარშიც შევიდა.
ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მდივანმა რაია ნაზარიანმა IWPR-ს განუცხადა, რომ შეურაცხყოფის ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენილა და პოლიციას გადაეცა შემდგომი შესაძლო რეაგირებისათვის.
აიკ ღაზარიანი მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეპანაკერტის გაზეთ Hetq-ის კორესპონდენტია.