სომხეთი პოლიციაში წამების წინააღმდეგ
უფლებადამცველების აზრით, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უშველის ეჭვმიტანილთა წამების დამკვირდებული პრაქტიკის გამოსწორებას.
სომხეთი პოლიციაში წამების წინააღმდეგ
უფლებადამცველების აზრით, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უშველის ეჭვმიტანილთა წამების დამკვირდებული პრაქტიკის გამოსწორებას.
სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, ტერმინი „წამება“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განსაზღვრებას მიიღებს, რაც წამებაში ბრალდებული პოლიციელების პასუხისგებაში მიცემის პროცედურებს უფრო გაამარტივებს.
საკანონმდებლო ცვლილებით ახალი კოდექსი შესაბამისობაში მოვა გაეროს კონვენციასთან „წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩამდენი პირისთვის სასჯელი ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით იქნება განსაზღვრული.
სომხეთის იუსტიციის სამინიტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს ცვლილებათა პაკეტის განხილვა სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების დონეზე. არსებული ვარიანტის მიხედვით, განსაზღვრულია სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულისთვის კომპენასაციის სახით სამი მილიონი სომხური დრამის (დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი) გადახდა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის წამება სომხეთში 2013-2014 მიხედვით, პოლიციაში წამება არის ყველაზე მიღებული მეთოდი ეჭვმიტანილებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად. იმის გამო, რომ გირაოთი გათავისუფლების პრაქტიკა თითქმის არ გამოიყენება, ეჭვმიტანილებს წინასწარი დაკავების იზოლატორში თვეების განმავლობაში უწევთ ყოფნა. ადრე იყო საუბარი, ცვლილებაზე პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების უკიდურეს შემთხვევაში გამოყენების შესახებ, თუმცა ის ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი არმან დანიელიანი აცხადებს, „სომხეთში წამება რომ მოისპოს, პოლიციელები ვერც ერთი დანაშაულის გამოძიებას ვერ შეძლებენ. პოლიციაში დღეს პროფესიონალების და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის სერიოზული ნაკლებობაა“.
სოხეთის ომბუდსმენის შარშანდელ ანგარიშში წამების ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს შორის მოხვდა წყლით სავსე პლასტმასის ბოთლებით ცემა, პოლიეთილენის პარკით გაგუდვა და ხელბორკილებით დაბმა – ყველაფერი რაც იწვევს ტკივილს, მაგრამ არ ტოვებს ფიზიკურ კვალს.
სომხეთის კონსტიტუციით წამება აკრძალულია, ასევე დასჯადია ის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც, თუმცა, დღევანდელ დღეს, გამოძიების დაწყებისთვის საჭიროა მსხვერპლის მხრიდან მოძალდის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა. ეს კი ეწინააღმდეგება გაეროს კონვენციას, რომლის მიხედვითაც წამების შემთხვევებზე გამოძიების დაწყება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, როგორც კი ამის საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდება.
შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებით ეს ხარვეზი აღმოიფხვრება.
პოლიციელების, ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკების მიმართ, სამართლებრივი პროცედურები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური დებულების მიხედვით, რომელიც უფლებამოსილების გადაჭარბებას ეხება. სომხეთის პროკურატურის მონაცემებით, საქმე იშვიათად მიდის სასამართლომდე. შარშან შეტანილი 82 საჩივრიდან, მხოლოდ 68 შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი საქმე მივიდა სასამართლომდე „უფლებამოსილების გადამეტების“ ბრალდებით.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მიუჟნიკსის მიერ მარტის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთის სისხლის სამართლის მოქმედ კოდექსში ტერმინი ‘წამება’ „არ მოიაზრებს დანაშაულს, ჩადენილს საჯარო მოხელის მიერ, არამედ ის განიხილება, როგორც ცალკეული პირების მიერ განხორციელებული ქმედება“.
„შედეგად, არცერთი სამართალდამცავი ან უშიშროების სტრუქტურის წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა დასჯილი წამების ბრალდებით. თუ რომელიმე პოლიციელის ან გამომძიებლის წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობისთვის ოდესმე აღძრულა სისხლის სამათლის საქმე, საბოლოო ჯამში მათ უფრო რბილი ბრალდებებით ასამართლებენ, მაგალითად, როგორიცაა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ან უფლებამოსილების გადამეტება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ მუხლით გასამართლებული პირები ამნისტიით გაუთავისუფლებიათ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ადვოკატი ლუსინე საჰაკიანი, რომელიც წამების მსხვერპლთა ინტერესებს იცავს, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „წამების შემთხვევებზე პოლიციამ კიდეც რომ მოამზადოს საჭირო დოკუმენტაცია და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა [პოლიციის ზედამხედველი ორგანო] სისხლის სამართლის საქმეც რომ აღძრას, მაინც, თავიდანვე ცნობილია, რომ საქმე დაიხურება, რადგან სასამართლო სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ შეებრძოლოს სისტემაში არსებულ არასათანადო მოპყრობას“.
საჰაკიანმა მაგალითად მოიყვანა ვებ გვერდ Armenia Today-ის კოორდინატორის, ადვოკატ არგიშტი კივირიანის საქმე, რომელიც 2014 წელს ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და პოლიციის მანქანაში სასტიკად სცემეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი სულ ახლახან გაიგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. კივირიანის ადვოკატებმა ადგილობრივ დონეზე ვერ მიაღწიეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, უფრო მეტიც, პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, კივირიანს ბრალად დასდეს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და გაასამართლეს.
საჰაკიანი აღნიშნავს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა. მის პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც დაუკავებიათ ეჭვმიტანილის ნათესავებიც, მათ ცუდად ეპყრობოდნენ და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ.
მსგავსი მაგალითები მოყვანილია ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც.
საჰაკიანიც და დანელიანიც მიიჩნნევენ, რომ კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით დადებითი ძვრები არ შეინიშნება.
ომბუდსმენის აპარატმა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორცილებული კვლევების საფუძველზე მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, მათ შორის დაკითხვის ოთახებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, მტკიცებულებების მოსაპოვებლად სამართალდამცავი ორგანოების უზრუნველყოფა შესაბამისი აღჭურვილობით და ასევე, წამების შედეგად მოპოვებული ჩვენების მტკიცებულებად არმიღება.
2014 წლიდან სომხეთის პარლამენტი მუშაობს ახალი სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსზე, რომელიც ზოგიერთი საკითხის ცვლილებას მოიაზრებს, თუმცა საჰაკიანის აზრით, ეს მაინც არ არის გამოსავალი.
„სასამართლოებმა უნდა იმუშავონ წესიერად. მათ უნდა მოახდინონ სათანადო რეაგირება წამების შემთხვევებზე და წამებას სამართლებრივი გზით უნდა მოუღონ ბოლო,“ – ამბობს საჰაკიანი. „თუ ეს მოხდება, მაშინ დამერწმუნეთ, ორივე, პოლიციაც და პროკურატურაც იძულებული გახდება კანონის ფარგლებში იმოქმედოს.“
დანელიანის თქმით, დადებითისკენ არის შეცვლილი საზოგადოების დამოკიდებულება წამების მიუღებლობის მიმართ. გასულ წელს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69%-მა განაცხადა, რომ მათთვის პოლიციის მხრიდან წამება არის მიუღებელი, 2013 წელს ეს რიცხვი 62%-ს შეადგენდა. რესპონდენტთა 5% მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან წამება არის სავსებით მისაღები ფორმა „დამნაშავეების დასასჯელად“, შარშანდელთან შედარებით ეს რიცხვი 2%-ით არის გაზრდილი.
ნუნე ჰოვსეპიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.