აზერბაიჯანში ცნობილი ოპოზიციონერი ციხეში ჩასვეს
იადიგარ სადიქოვი ხულიგნობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს საქმეში, რომელიც მისი მხარდამჭერების მტკიცებით შეთითხნილია.
აზერბაიჯანში ცნობილი ოპოზიციონერი ციხეში ჩასვეს
იადიგარ სადიქოვი ხულიგნობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს საქმეში, რომელიც მისი მხარდამჭერების მტკიცებით შეთითხნილია.
აზერბაიჯანულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ ერთ-ერთ ლიდერს ხულიგნობის ბრალდებით ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იადიგარ სადიქოვი 13 იანვარს გაასამართლეს. ის გასული წლის ივნისში ქალაქ ლენკორანში საკუთარ სახლში დააკავეს და ბრალად ორი დღით ადრე გამვლელის ფიზიკური შეურაცხყოფა წაუყენეს. მომჩივანმა რაშიდ კარიმოვმა პოლიციას განუცხადა, რომ ლენკორანის ერთ-ერთ კაფეში სადიქოვმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ კი თავში ტელეფონი ჩაარტყა.
პროფესიით პედაგოგი სადიქოვი უკვე აღარ კითხულობს ლექციებს ისტორიაში ლენკორანის უნივერსიტეტში. მისი სასწავლებლიდან გაშვების მცდელობა ადრეც ყოფილა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა, რადგან სტუდენტებმა ლექტორის მხარდასაჭერად აქტიური კამპანია გამართეს.
სადიქოვი იყო პარტია „მუსავათის“ ლიდერის იზა გამბარის მრჩეველი, აქვეყნებდა სტატიებს ონლაინ გამოცემებში www.civil-forum.az და www.minval.az და ასევე იყო ვებ გვერდ IS TE FA („გადადექი“) ადმინისტრატორი, რომელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ში 200 000 მიმდევარი ჰყავდა, მანამ სანამ ის მოულოდნელად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, Facebook-მა არ დახურა.
„იადიგარი ძალიან აქტიურობდა, როგორც რეალური ცხოვრებაში, ისე სოციალურ მედიაში“, – განაცხადა გამბარმა თავისი თანამოაზრის დაკავების შემდეგ. „როგორც ჩანს მისი საქმიანობა ცხოვრებაში და სოციალურ მედიაში ხელისუფლებისთვის საშიში აღმოჩნდა“.
სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, უფლებედამცველი აქტივისტების მსგავსად, იზიარებენ იმ აზრს, რომ სადიქოვის საქმიანობამ ქვეყნის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია და ამიტომაც კრიმინალური საქმის ფაბრიკაციით ის გზიდან ჩამოიშორა.
სადიქოვის ადვოკატი ხალიდ ბაგიროვი საქმის სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობს.
„გამოძიების მსვლელობისას აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სადიქოვის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. როდესაც ისინი ვითომდა მომხდარის შესახებ ყვებოდნენ, ინციდენტის ისეთ ადგილს ასახელებდნენ, სადაც ჩემი კლიენტი იმ დღეს საერთოდ არც ყოფილა,“ – ამბობს ადვოკატი. „[მოწმის] ჩვენება ჩაიწერა ვიდეო ფირზე, მაგრამ შემდეგ ეს ჩანაწერი უბრალოდ გაქრა. ის მობილური ტელეფონი, რომელიც სადიქოვმა ვითომდა თავში ჩაარტყა ქარიმოვს ნივთმტკიცებულებათა სიიდან გაუჩინარდა.“
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ პოლიცია არასოდეს განახორცილებდა ისეთ ქმედებას, რომელიც განზრახ იქნებოდა მიმართული რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერის საწინააღმდეგოდ.
„ზოგიერთები ამბობენ, რომ სადიქოვის დაკავება დაკავშირებულია მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, მაგრამ ასეთი განცხადებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს,“ – განაცხადა სამინისტროს პრეს სპიკერმა ორჰან მანსურზადემ. „კონკრეტულმა პიროვნებამ შემოიტანა საჩივარი, რომ მას თავს დაესხნენ, დაიწყო გამოძიება და აღმოჩნდა, რომ ბრალდებული იყო სადიქოვი. მისი პოლიტიკური საქმიანობა უბრალოდ არაფერ შუაშია“.
პარლამენტის წევრი მმართველი „იენი აზერბაიჯანის“ პარტიიდან სიავუშ ნოვრუზოვი ამავე აზრს იზიარებს.
„თუ მან ვინმეს სცემა, რა ის მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაისაჯოს, რომ პოლიტიკური ფიგურაა? კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს“, – განაცხადა ნოვრუზოვმა.
ოპოზიციონერი პილიტიკოსები და უფლებადამცველი აქტივისტები კი ამტკიცებენ, რომ საქმე აშკარად პოლიტიკურია.
პარტია „იმედის“ ლიდერი იგბალ არაზადე ხელისუფლების ხშირი კრიტიკით არ გამოირჩევა, თუმცა ამ შემთხვევაში ის გამონაკლისს უშვებს.
„ხელისუფლება აპატიმრებს ოპოზიციონერ აქტივისტებს გამოგონილი ბრალდებებით, იადიგარ სადიქოვიც ერთ-ერთი მათგანია,“ – ამბობს ის. „ეს დაკავებები მიზნად ისახავს სხვა ადამიანების დაშინებას და მათი პოლიტიკური აქტიურობის შეჩერებას“.
ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი ნათიგ ადილოვი აღნიშნავს, რომ სადიქოვის ციხეში ჩასმით ხელისუფლება მის მიმართ გამოხატული კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს.
„სადიქოვი გამორჩეული იყო არა მხოლოდ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის იყო ჟურნალისტი, რომელიც სოციალურ მედიაში აქტიურად აკრიტიკებდა მთავრობას. სწორედ ეს არის მისი დაჭერის ნამდვილი მიზეზი“.
სადიქოვი არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დააკავეს. (იხილეთ: აზერბაიჯანი არჩევნების შემდეგ დიდ სასამართლოდ გადაიქცა).
პარტია „მუსავათის“ აქტივისტი აზერ ისმაილი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დაჭერებს საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი და რომ გასულ წელს ის თავადაც მოხვდა პოლიციის სამიზნეში. ის არჩევნებზე დამარცხებული ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯემალ ჰასანლის მხარდასაჭერად გასამართ მიტინგამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.
„საკონდიტრო მაღაზიაში დამაკავეს. მაბრალებდნენ, თითქოს პენსიონერის ცემა ვცადე. ორი დღის განმავლობაში ვიყავი დაკავებული, რის გამოც დემონსტრაციაზე ვერ მივედი,“ – იხსენებს ის. „ცხადია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზეზით კეთდება“.
Amnesty International და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ალიევის მთავრობა განსაკუთრებულად რეპრესიული გახდა.
Amnesty International ოქტომბრის თვეში გამოქვეყნებული ანგარიშში 14 „სინდისის პატიმრის“ სახელს ასახელებს.
ნავთობ-მუშაკების უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მირვარი გარამანლი თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს ის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები სერიოზულ ზიანს მიაყენებს აზერბაიჯანის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
„მოსამართლეებმა, რომლებსაც ასეთი უსამართლო განაჩენები გამოაქვთ მანტიები ნაგავში უნდა გადაყარონ. ეს მათ სინდისზე ლაქად დარჩება. იადიგარ სადიქოვის და სხვა აქტივისტების დაკავებით ხელისუფლებას სურს დააშინოს და დაადუმოს მთელი საზოგადოება“, – განაცხადა მან.
აითან ფარადოვა Bizim Yol რეპორტიორია აზერბაიჯანში.