სომხეთის ბიზნეს წრეებში საბაჟო კავშირში გაწევრიანებას წონიან
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან შექმნილ სავაჭრო ბლოკში გაწევრიანებას შესაძლოა იმპორტირებულ საქონელზე ფასების მომატება მოჰყვეს.
სომხეთის ბიზნეს წრეებში საბაჟო კავშირში გაწევრიანებას წონიან
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან შექმნილ სავაჭრო ბლოკში გაწევრიანებას შესაძლოა იმპორტირებულ საქონელზე ფასების მომატება მოჰყვეს.
იმ დროს, როცა სომხეთის ხელისუფლება რუსეთის დაფუძნებულ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად ემზადება, ბევრი ბიზნესმენი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აისახება ახალი სავაჭრო რაგულაციები მათ შემოსავალზე.
6 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა საბაჟო კავშირის მარეგულირებელი ორგანოს-ევრაზიის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარესთან ვიქტორ ხრისტენკოსთან მემორამდუმის გაფორმებით გაწევრიანების პროცესს ოფიციალურად ჩაუყარა საფუძველი.
საბაჟო კავშირში ამჟამად გაწევრიანებულნი არიან რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი, რაც მთლიანობაში 170 მილიონიან ბაზარს წარმოადგენს. გაწევრიანებას გეგმავს ყირგიზეთი და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კავშირს ტაჯიკეთიც შეუერთდეს. ეს ბლოკი უფრო ფართომასშტაბიანი პროექტის – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ნაწილს წარმოადგენს, რომლის ჩამოყალიბებაც 2015 წლისთვის იგეგმება.
სომხეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გარკვეულა, თუ რას მოუტანს მათ ამ კავშირის წევრობა.
საბაჟო კავშირის წევრობით მოიხსნება სავაჭრო ბარიერები კავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ამავე დროს გაიზრდება საბაჟო გადასახადი სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტირებულ საქონელზე. სომხეთისთვის ეს შეიძლება არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდეს, რადგან ევროკავშირთან არსებული სავაჭრო ბრუნვა გაცილებით აღემატება რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთან არსებულ ურთიერთობას ერთად აღებულს.
ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ საბაჟო კავშირის წევრობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან. თუმცა, სხვა უფრო კონკრეტულ დეტალებზე მაღალჩინოსნები ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.
პრემიერ-მინისტრმა უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Segodnya.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის წევრებთან უფრო მჭიდრო კავშირი ქვეყანას დიდ სარგებელს მიუტანს.
ამავე დროს, ის უშვებს გარკვეული რისკების არსებობასაც: „საბაჟო კავშირის ტარიფები თითქმის ორჯერ აღემატება ჩვენს საბაჟო გადასახადებს მესამე ქვეყნებთან მიმართებაში. მოგვიწევს სხვადასხვა სახის სირთულეებთან გამკლავება.“
სექტემბრის თვემდე, სარგსიანი და სხვა მაღალჩონოსნები ანალოგიურად საუბრობდნენ სხვა ეკონომიკური ბლოკის-ევროპული კავშირის წევრობის უპირატესობაზე. ამიტომაც, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სომხეთი აპირებდა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ყველა გააკვირვა.
წყალში ჩაიყარა ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულების“ თაობაზე მიმდინარე და სულ ახლახან წარმატებით დასრულებული სამწლიანი მოლაპარაკებებიც, რადგანაც ევროპელმა მაღალჩონოსნებმა ნათლად განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ გახდებოდა ერთდროულად ორი სხვადასხვა სავაჭრო გაერთიანების წევრი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის კარინე მინასიანის განცხადებით, საბაჟო კავშირის წევრობის ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბარი ნაადრევია.
„ამ მომენტისთვის ჩვენ არ გაგვაჩნია საბოლოოდ დათვლილი მონაცემები და ამიტომ მიჭირს კონკრეტული ციფრების მოყვანა. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პირობებით გაწევრიანდება ჩვენი ქვეყანა საბაჟო კავშირში“.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობის დავალებით შექმნილია სპაციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კავშირში წევრობის ყველაზე მომგებიანი პირობების შემუშავება აქვს დავალებული.
მინასიანმა გაწევრიანების პლუსები და მინუსები აწონა და განაცხადა: „პოზიტიური მხარეა ის, რომ სომხური საქონელი საბაჟო გადასახადის გარეშე მიიღებს წვდომას რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის ბაზრებზე. ჩვენთვის პრობლემატურია ის, რომ [არაწევრი ქვეყნებიდან] იმპორტირებულ საქონელზე მაღალი საბაჟო გადასახადი იმოქმედებს, სომხეთს კი უფრო მეტი საქონლი შემოაქვს იმპორტით, ვიდრე ექსპორტზე გააქვს“.
ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემების მიხედვით, სომხეთის საგარეო ვაჭრობის 76% იმ ქვეყნებზე მოდის, რომლებიც საბაჟო კავშირის ზონაში არ იმყოფებიან. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ გაიზრდება საბაჟო გადასახადი იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე და შესაბამისად გაიზრდება სამომხმარებლო ფასები რიგითი სომეხი მომხმარებლისთვის.
„სომხეთის ახლანდელი ეკონომიკური სტრუქტურის პირობებში იმპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მაღალი გადასახადის გამო იმპორტირებული საქონლის ღირებულება გაიზრდება, გაძვირდება ცხოვრებაც“, – განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში არმენაკ ჩათინიანმა. „თუ ჩვენ საბაჟო კავშირში დაჩქარებული ტემპით ვაპირებთ შესვლას ინფლაცია მოიმატებს. ადამიანებს მოუწევთ უფრო მეტის გადახდა, მაშინ როცა მათი შემოსავალი იგივე იქნება“.
ადგილობრივი ბიზნესმენები შიშობენ, რომ საბოლოო ჯამში გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და მწარმოებელი კომპანიის SIL ჯგუფის მფლობელი ხაჩატურ სუქიასიანი თვლის, რომ ბიზნესმენები იძულებულნი გახდებიან საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებთან დაამყარონ კავშირები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა.
„გაუგებარია როგორ მოხდება ეს“, – აცხადებს ის. „მინსკის [2013 წლის ოქტომბრის] შეხვედრაზე ნათელი გახდა, რომ [უკვე არსებული] წევრი ქვეყნების თავმჯდომარეები ახალი წევრების მიღებას მათთვის მომგებიანი პირობებით აპირებენ, რაც ხშირად ახალი წევრი ქვეყნების ინტერესების იგნორირების ხარჯზე ხდება. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ გაწევრიენების პროცესი არ იქნება მარტივი. ამ ქვეყნებსმხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სომხეთი მათ ბევრად ჩამორჩება სიდიდითაც და რესურსებითაც. სწორედ ეს საკითხი აღელვებს სომეხ ბიზნესმენებს“.
რუსეთს, რომელსაც წევრი ქვეყნებიდან ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს და რომელიც საბაჟო კავშირის მამოძრავებელი ძალას წარმოადგენს, სომხეთისნაირი ქვეყნების გაწევრიანება უფრო პოლიტიკური მიზეზით სურს, ვიდრე ეკონომიკურით.
საინვესტიციო ფონდის Arrow Global Ltd ხელმძღვანელი სამსომ ავეტიანი შიშობს, რომ თუ რუსეთის ეკონომიკას საფრთხე დაემუქრება საბაჟო კავშირის სხვა წევრებსაც მოუწევთ შედეგების გაზიარება.
„მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები საერთაშორისო ბაზარზე მაღალია, რუსეთის ეკონომიკა უკვე ზედიზედ მეშვიდე კვარტალია ვარდნას განიცდის.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ არ შესწევს უნარი უზრუნველყოს ეკონომიკური სტაბილურობა ენერგო მატარებლების გაყიდვით, არამედ იმაზეც, რომ მას სისტემური ტიპის პრობლემები აქვს,“ – აცხადებს ავეტიანი. „აქედან გამომდინარე რუსეთს სავარაუდოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები უკვე მომავალი წლიდან შეექმნება. ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ის სავარაუდოდ მაღალი საბაჟო გადასახადების ხარჯზე თავის ბაზარს ჩაკეტავს…დახურულ ბაზარზე კი სომეხ ბიზნესმენებს მსხვილი რუსული კომპანიები გადაყლაპავენ“.
ტიგრან გევორქიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.