სომხეთი ვერც რუსეთს ელევა და ვერც ევროკავშირს

მოსკოვის მოკავშირე ბრუსელთან დაახლოებას ცდილობს და აცხადებს, რომ ამაში წინააღმდეგობრივი არაფერია.

სომხეთი ვერც რუსეთს ელევა და ვერც ევროკავშირს

მოსკოვის მოკავშირე ბრუსელთან დაახლოებას ცდილობს და აცხადებს, რომ ამაში წინააღმდეგობრივი არაფერია.

Armenian president Serzh Sargsyan (left) talks to European Council president Donald Tusk in Brussels, March 19, 2015. (Photo: Armenian president's official website)
Armenian president Serzh Sargsyan (left) talks to European Council president Donald Tusk in Brussels, March 19, 2015. (Photo: Armenian president's official website)
Monday, 6 July, 2015

ექვსი თვის წინ ყველას ეგონა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება რუსეთთან და არა ევროკავშირთან დაახლოების შესახებ საბოლოო და კარგად გააზრებული იყო.

თუმცა, ერევანი ახლა ისევ ბრუსელს მიუბრუნდა და მასთან ასოცირების ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტის გაფორმებას ცდილობს, თანაც აცხადებს, რომ ამ პროცესს მოსკოვი არ ეწინააღმდეგება.

სომხეთის და ევროკავშირს ხელახალ დაახლოებას ბიძგი 20-21 მაისს რიგაში გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა, რომელსაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ლიდერების მსგავსად სერჟ სარგსიანიც ესწრებოდა.

ამ შეკრებამდე ორი თვით ადრე სარგსიანი ერევანში ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარს იოჰანეს ჰანის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა და სომხეთმა შეასრულეს ერთობლივი „წინასწარი დავალება“ თანამშრომლობის პოტენციური სფეროების გამოსავლენად. მისი სიტყვებით, ევროკავშირი მუშაობს ისეთი შეთანხმების შემუშავებაზე, რომელიც მოიცავს „თანამშრომლობის განსაკუთრებულ პირობებს.“

2013 წლის სექტემბერში, როდესაც სარგსიანმა სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირის წარმომადგენლებმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ორი ბლოკის სავაჭრო პირობები და ტარიფები ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. ამის გამო, წლების მანძილზე გაწეული სამუშაოს მიუხედავად, ასოცირების ხელშეკრულების პროექტი თაროზე შემოიდო. 2015 წლის იანვარში სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა, ბლოკში, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა და რომელშიც საბაჟო კავშირიც ერთიანდება. სომხეთის გარდა ევრაზიული კავშირის წევრები არიან რუსეთი, ყაზახეთი და მაისიდან, ყირგიზეთიც.

სომხეთი, რომელიც ისტორიულად რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე და ახლა უკვე მისი ევრაზიული პროექტის წევრიცაა, მისთვის ყველაზე სტაბილურ დასაყრდენს წარმოადგენს ისეთ პოლარიზებულ რეგიონში, სადაც მოსკოვს განსაკუთრებით ესაჭიროება მეზობლების მხარდაჭერა უკრაინის და დასავლური სანქციების წინააღმდეგ.

სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის აზრთა შეუთავსებლობა არ არსებობს, მოსკოვი სრულად არის ინფორმირებული და მისთვის სავსებით მისაღებია ასეთი პოლიტიკა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარენ ნაზარიანის სიტყვებით, „ჩვენ გვქონდა საუბარი რუსეთთან სომხეთის ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ და რუსებს ამასთან დაკავშირებით უარყოფითი მოსაზრება არ გააჩნიათ.“

„ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ,“ – დასძინა ნაზარიანმა.

თავის მხრივ, ევროკავშირისთვის, როგორც ჩანს, გასაგებია ის აზრი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ზოგიერთ ქვეყნას ურთიერთობის განსხვავებული ფორმატის ჩამოყალიბება სურს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგოს ერთ დროს შემუშავებული სტანდარტული მიდგომა თითოეული ქვეყნის საჭიროებებსა და სურვილებს. რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ თითოეულ მონაწილე ქვეყანას აქვს უფლება „აირჩიოს მიზნების და მისწრაფებების რა დონის მიღწევა სურს ევროკავშირთან ურთიერთობაში.“

„განსხვავებული მიდგომის იდეის შემუშავება მოლაპარაკებების დღის წესრიგში ჯერ კიდევ რიგის სამიტამდე არსებობდა,“ – განაცხადა პოლონეთის ელჩმა სომხეთში იეჟი მარეკ ნოვაკოვსკიმ ჩვენთან საუბრისას. „თუ რომელიმე პარტნიორი ქვეყანა ამა თუ იმ მიზეზით, ვერ შეძლებს პროცესში მთლიანად ჩართვას, მას შეუძლია ევროკავშირთან თანაშრომლობა მხოლოდ ზოგიერთ სფეროში განახორციელოს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის განცხადებით, მიმდინარეობს თანამშრომლობის ისეთი სფეროების განხილვა, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, კვლევები, ხალხთა შორის ურთიერთობები და შეღავათიანი სავაჭრო პირობები. 29 ივნისს მინსკში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრების სამიტზე „არაოფიციალური დიალოგის“ დროს სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამის COSME-ს და კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის Horizon 2020-ის ნაწილი გახდეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გარეგინ მელკონიანი აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმებაში შევა ნაწილი 2013 წელს გაფორმებული აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებიდან და ასევე შევა პუნქტი საბაჟო და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც გამოცალკევდა ევრაზიული კავშირის ვალდებულებების გათვალისწინებით.

„რასაკვირველია, ყველა სფეროს ვერ მოვიცავთ, რადგან სომხეთს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული,“ – განაცხადა მან.

მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არაოფიციალურია, რადგან ოფიციალური პროცესის საწარმოებლად ევროკომისიას ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.

მელკონიანის თქმით, სომხეთის პარტნიორები ევრაზიული ბლოკიდან ინფორმირებული არიან ევროკავშირთან მიმდინარე პროცესების შესახებ. „ეს ნორმალური პროცესია,“ – ამბობს ის. „ასე ხდება ევროკავშირიც, მის წევრ ქვეყანას დამოუკიდებლად სხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება არ შეუძლია.“

მისი სიტყვებით, სომხეთი უკვე ისედაც იმყოფება უნიკალურ მდგომარეობაში, რადგან ის წარმოადგენს ევრაზიული ბლოკის წევრ ერთადერთ ქვეყანას, რომელიც არის GSP+ სქემის ნაწილი, რომლის თანახმადაც ევროკავშირი „არამდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს“ მის ბაზრებზე შეღავათიანი პირობებით წვდომის საშუალებას აძლევს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სომხეთი ამ ეტაპზე არ იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ GSP+ სქემის ფარგლებში მოახდინოს ექსპორტის ზრდა და სავარაუდოდ არც არის მოსალოდნელი რომ უახლოეს მომავალში შეძლებს.

„ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერა ან თუნდაც შეღავათიანი სავაჭრო პირობების ქონა არ ნიშნავს, რომ სომხური საქონელი ევროპულ ბაზარს მიაწყდება,“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას პარლამენტარმა ოპოზიციური პარტია აყვავებული სომხეთიდან, ეკონომისტმა მიქაელ მელქუმიანმა. „უფრო მეტიც, ევროკავშირი ამჟამად თავისი საკუთარი საქონლისთვის ეძებს ახალი ბაზრებს და ამისთვის ევროსაც აიაფებს.“

პარლამენტარი მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ალექსანდრე პეტროსიანი, რომელიც ამავე დროს ღვინის და კონიაკის ქარხნის მფლობელია, იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომლებსაც ექსპორტიორები წააწყდებიან.

„ევროკავშირის ბაზარი ჩვენთვის ფაქტობრივად გახსნილია, თუმცა ჩვენ მათი სტანდარტების დაკმაყოფილებასთან გვაქვს პრობლემები. ეს დაკავშირებულია დიდი მოცულობის საქონლის მიწოდებასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარზე დამკვიდრებასთან,“ – განაცხადა პეტროსიანმა ჩვენთან საუბრისას. „ის საკმაოდ ჭირვეული და ბრენდებით დახუნძლული ბაზარია, რომელსაც ჩვენი მწარმოებლები კარგად არ იცნობენ. სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შერჩევას და ბაზარზე დამკვიდრებას კოლოსალური თანხები და დიდი დრო სჭირდება.“

არშალუის მგდესიანი თავისუფალი ჟურნალისტია სომხეთში.

 

Armenia, Russia
Frontline Updates
Support local journalists